Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მიწათმოქმედთა ლობის ზეგავლენა უკრაინასთან სავაჭრო შეთანხმებაზე


ევროკავშირის ფერმერები რეგულარულად ბლოკავენ უკრაინის საზღვრებს უკრაინული საქონლის ექსპორტის მიმართ პროტესტის ნიშნად, უკრაინაში წარმოებული იაფი საქონლით, მათი თქმით, ევროპის ბაზრები გადავსებულია.
ევროკავშირის ფერმერები რეგულარულად ბლოკავენ უკრაინის საზღვრებს უკრაინული საქონლის ექსპორტის მიმართ პროტესტის ნიშნად, უკრაინაში წარმოებული იაფი საქონლით, მათი თქმით, ევროპის ბაზრები გადავსებულია.

განახლებული შეთანხმება კიევისთვის სიკეთეს არ მოიტანს, ის სახიფათო გზავნილს წარმომადგენს უკრაინისთვის, რომ საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანების გზა რთული იქნება ომისგან განადგურებული ქვეყნისთვის.

ბრიუსელსა და კიევს შორის ივნისის ბოლოს წინასწარ შეთანხმებული სავაჭრო დოკუმენტს, რომელიც ამჟამად უკვე დადასტურებულია ევროკომისიის კონკრეტული შეთავაზებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ დაამტკიცებენ. რადიო თავისუფლებამ ნახა ეს დოკუმენტი, რომელიც არსებითად ასოცირების შეთანხმების განახლებული ვერსიაა, რომელსაც უკრაინამ 2014 წელს მოაწერა ხელი, და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ნაწილი (ევროკავშირის ტერმინოლოგიაში ცნობილია, როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება), რომელიც 2016 წელს შევიდა ძალაში.

2021 წელს უკრაინამ მოითხოვა შეთანხმების ხელახალი განხილვა უფრო ხელსაყრელი პირობებით, რაც, სავარაუდოდ, ექსპორტის უფრო მაღალ კვოტებს გულისხმობდა, მაგრამ პროცესი შეწყდა რუსეთის მიერ ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 2022 წლის თებერვალში.

უკრაინული პროდუქტების სრულიად უტარიფო შეტანა ევროკავშირში

კიევის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა მას დაუყოვნებლივ შესთავაზა უკრაინული პროდუქტების ბლოკში სრულიად უტარიფო შეტანა, რაც ავტონომიური სავაჭრო ზომების (ATMs) სახელითაა ცნობილი. ATMs-ი ერთი წლით გაგრძელდა 2023 წელს და კიდევ ერთხელ ბოლო შესაძლო დროით - სანამ ოფიციალურად 2024 წლის ივნისში ამოიწურებოდა.

ATMs-ი უკრაინას შემოსავალთან ერთად სთავაზობდა ალტერნატიულ გზას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მსოფლიოში გასატანად მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის სავაჭრო გზები გადაკეტა.
თუმცა ამას ევროკავშირის ფერმერები დიდად არ გაუხარებია. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის ფერმერები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ადგილობრივი ბაზრები ივსებოდა იაფფასიანი უკრაინული კვების პროდუქტებით და ეს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ქმნიდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში პერიოდულად აპროტესტებდნენ და ბლოკადებს აწყობდნენ ევროკავშირ-უკრაინის საზღვრებზე.

პოლონეთში, უნგრეთსა და რუმინეთში სოფლის მეურნეობის სექტორის ძლიერი პოლიტიკური გავლენის გათვალისწინებით, ევროკომისია იძულებული გახდა, ATMs-ში ცვლილებები შეეტანა და უსაფრთხოების ზომები მიეღო უკრაინიდან გარკვეული პროდუქტების იმპორტის შეზღუდვის მიზნით მას შემდეგ, რაც ის გარკვეულ ზღვარს მიაღწევდა - ანუ შეემუშავებინა სამუხრუჭე სისტემა, რომელიც ბოლო დროს არაერთხელ გამიყენეს.

ამ ახალ სავაჭრო შეთანხმებაში კიდევ ერთხელ აშკარად გამოჩნდა ბრიუსელში ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო, მიწათმოქმედთა ლობის პოლიტიკური გავლენა. ევროკავშირის განახლებულ წინადადებაში მითითებულია, რომ ევროკომისია უკრაინასთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ „დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს“ აგროვებს.

დოკუმენტში არ არის გამოქვეყნებული კონკრეტული იურიდიული პირების ვინაობა, მაგრამ იდეების უმეტესობა „ასოციაციებისა და კომპანიებს“ ეკუთვნით. იქ, ამასთან აღნიშნულია, რომ ევროკავშირის აგრო-სასურსათო სექტორის დაინტერესებული მხარეების უმეტესობა ემხრობა უკრაინიდან იმპორტის ევროპის ბაზარზე წვდომის დაბალ ან ზომიერ ზრდას. აქ ჩანს, რომ მათ პრობლემები ჰქონდათ, როცა იმპორტი ATMs-ის მეშვეობით თავისუფლად ხორციელდებოდა“.
მართალია, კიევს სურდა განახლებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო ავტონომიური სავაჭრო ზომებთან - (ATMs) და აცხადებდა, რომ ძველ შეთანხმებაზე სრულად დაბრუნება უკრაინას 3 მილიარდი ევრო (3.5 მილიარდი აშშ დოლარი) დაუჯდებოდა, როგორც ჩანს, მაინც გაიმარჯვეს ევროკავშირელმა ფერმერებმა.

სიცხადისთვის უნდა ითქვას, რომ შეთანხმების ახალი ვერსია კიევისთვის უკეთესია, ვიდრე 2016 წლის თავდაპირველი ვარიანტი, რადგან უკრაინას ევროკავშირის ბაზარზე თავისუფლად შეუძლია გაიტანოს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა სოკო, ყურძნის წვენი, გადამუშავებული რძის პროდუქტები, იოგურტი და კეფირი.

უკრაინის ძირითადი საექსპორტო პროდუქტები, როგორიცაა შაქარი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, ხორბალი, სიმინდი და თაფლი, ასევე შეიძლება ექსპორტირებული იქნას ევროკავშირში უფრო დიდი კვოტებით, ვიდრე 2016 წელს, მაგრამ არა ორმაგი ან თუნდაც ხუთმაგი რაოდენობით, როგორც კიევი ითხოვდა. ხორცის პროდუქტების უმეტესობისთვის, როგორიცაა საქონლის, ღორის და ცხვრის ხორცი, კვოტები ძალაში დარჩა - რაც უკრაინისთვის წამგებიანია, რადგან ის ამით დამატებით შემოსავალს დაკარგავს, მაგრამ გამარჯვებაა ევროკავშირის ფერმერებისთვის, რომლებსაც დამატებითი კონკურენციის თავიდან არიდება სურთ.


რა დათმობებზე წასვლა მოუწევს უკრაინას?

და კიდევ: შეთანხმების ახალი ვერსია ცოტა უფრო მკაცრია უკრაინისთვის, რადგან ის ამარტივებს უკრაინული პროდუქტების იმპორტის შეჩერების პროცესს. ადრე, ქვეყნების ერთ ჯგუფს შეეძლო აემოქმედებინა “მუხრუჭი” და მოეთხოვა იმპორტის დროებითი შეჩერება იმ შემთხვევაში, თუ უეცარ ზრდას შენიშნავდნენ. ახლა ასეთ შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ ევროკომისიისთვის შეტყობინების გაგზავნა.



შესაძლოა, რომ უკრაინისთვის ყველაზე დიდი დათმობა ვალდებულებაა, რომ თავისი პროდუქცია თანდათანობით შეუსაბამოს ევროკავშირის კვების პროდუქტებს და სანიტარულ სტანდარტებს. ეს პროცესი წელს დაიწყება და კიევი ყოველწლიურად ანგარიშვალდებული იქნება იმის შესახებ, თუ რა კანონები მიიღო. ევროკავშირის ყველა წესისა და რეგულაციის სრული ამოქმედება 2028 წლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.

ევროკომისიის წინადადებაში აღნიშნულია, რომ „ბევრი დაინტერესებული სუბიექტი გამოვიდა მოწოდებით, მიუახლოონ უკრაინა თანდათანობით ევროკავშირის წარმოების სტანდარტებს და შემუშავდეს მტკიცე გარანტიის მექანიზმები. გამოკითხულთა უმეტესობა წინააღმდეგი იყო უკრაინასთან ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციისა, სანამ „ეს ქვეყანა ევროკავშირის სხვა უფრო ფართო სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს“.

უკრაინისთვის ასეთი ზომები შეიძლება რთული მოსანელებელი იყოს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია და მომავალში ბლოკში გაწევრიანების იმედოვნებს. სავარაუდოდ, ეს 2028 წლისთვის არ მოხდება.
უკრაინას რეფორმების განხორციელება ძვირი დაუჯდება და ხარჯებს, სავარაუდოდ, მისი ფერმერები გაიღებენ. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას ჯერ არ ექნება სრული წვდომა ევროკავშირის ბაზარზე და ვერც ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო ფონდებით ისარგებლებს, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო სექტორის რეფორმებზე დაყოლიება უფრო რთული იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კიევის გზას ევროკავშირში უნგრეთი ეღობება, უკრაინაში უნგრული უმცირესობების უფლებების გამო, ევროკავშირის ოფიციალური პირების უმეტესობა მიიჩნევს, რომ სწორედ ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო ლობი შეანელებს უკრაინის სწრაფვას ბრიუსელისკენ. 300 მილიარდ ევროზე მეტი, რაც ევროკავშირის ბიუჯეტის 25 პროცენტია, ხშირად სოფლის მეურნეობაზე იხარჯება ბლოკის ფერმერებისთვის პირდაპირი დახმარების სახით. ეს ის ფულია, რომლის უკრაინელ კოლეგებთან გაზიარებას ევროკავშირის ფერმერები უახლოეს მომავალში ნაკლებად ისურვებენ.

XS
SM
MD
LG