რუმინეთის ხელისუფლებამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინაში, მდინარე დუნაიზე, გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად გამოწვეული ხანძარი ჩამქრალია. რუმინეთის საზღვრიდან სულ რაღაც ასეულობით მეტრში გაჩენილი ხანძრის გამო რუმინეთის ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლის ევაკუაციის შესახებ გასცა განკარგულება.
18 ნოემბერს ზოგიერთ მაცხოვრებელს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მიეცა, თუმცა ჯერჯერობით არა ყველას, რადგან კვლავაც შიშობენ გემზე შესაძლო აფეთქების შესახებ. სოფელი პლაურუ, რომელიც ხანძრის ადგილიდან სულ რაღაც 200 მეტრში მდებარეობს, კვლავაც დაკეტილია.
ტანკერ „ორდინას“17 ნოემბრის დილით გაუჩნდა ცეცხლი მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა დრონები გამოიყენეს დუნაიზე მდებარე იზმაილის პორტზე თავდასხმისთვის. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული დრონები ამჯერად რუმინეთის საჰაერო სივრცეში არ შესულან, მაგრამ გემზე აფეთქების საფრთხემ რუმინეთი აიძულა, მოსახლეობის ევაკუაცია განეხორციელებინა.
როგორც იტყობინებიან, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟი ევაკუირებულია და არავინ დაშავებულა.
ფორუმი