Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას - მარტა კოსი


მარტა კოსი
მარტა კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიისას დასმული შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, იმის მიუხედავად, რომ „ახლა ეს ძალიან რთულია“.

„რაც შეეხება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რასაკვირველია [განვაგრძობთ], მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა ძალიან, ძალიან რთულია. რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს, ფინანსური დახმარება გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტიც იქნება. ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ მივცეთ ფული ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობა. მაგალითად, გასულ კვირას მქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა“, - თქვა მარტა კოსმა.

2025 წლის ივლის-აგვისტოში, სადავო პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი არაერთი კანონი მიიღო. მათ შორის კანონი "უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", ე.წ. ქართული FARA, რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიაწოდონ ანტიკორუფციულ ბიუროს ინფორმაცია ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტების, ამ პროექტების ბენეფიციარებისა და ამ პროექტების ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ასევე მიიღო "გრანტების შესახებ კანონი", რომელიც ავალდებულებს გრანტის მიმღებსაც და გამცემსაც, რომ მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტი არ გაიცეს. "გრანტების კანონი", - რომელსაც არასამთავრობოები უწოდებენ „ქართველი ხალხის დევნის აქტს“, - ადგენს, რომ:

  • თუ ორგანიზაციამ გრანტი თანხმობის გარეშე მიიღო, მას გრანტის ორმაგი ოდენობით დააჯარიმებენ;
  • ცრუ ინფორმაციის მიწოდება 2000 ლარით ისჯება. განმეორებით ცრუ ჩვენება კი 4000 ლარით დაჯარიმდება;
  • პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა 6 წელია.

ამასთან, სულ მცირე, 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს „გრანტების კანონში“ ცვლილებების პარალელურად მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), რომელიც, ამერიკული ორიგინალისგან განსხვავებით, არ განარჩევს სამოქალაქო ორგანიზაციებს პოლიტიკური ლობიზმის შემთხვევებისაგან.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა 8 აპრილს წინასწარ ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომლებსაც „გრანტების კანონში“ პარტიის მიერ შეტანილი ცვლილებების შემდეგ აღარ ექნებათ გრანტების მიღების უფლება.

მაჭავარიანმა მათ „არასასურველი ორგანიზაციები“ უწოდა და ამ კონტექსტში დაასახელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური და ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომლებიც „ძირგამომთხრელ საქმიანობაში“ დაადანაშაულა.




ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG