ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში კენჭისყრა 17 ნოემბერს ჩატარდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა საბჭოს წევრი 15 ქვეყნიდან 13-მა. თავი შეიკავეს რუსეთმა და ჩინეთმა.
ტრამპის გეგმა ითვალისწინებს ღაზის სექტორში სტაბილიზაციის მიზნით საერთაშორისო ძალების განთავსებას, რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და კიდევ არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის განიარაღებას და პალესტინელთა გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნას.
რეზოლუციაში ნახსენებია პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობაც, რაც არაბული ქვეყნების მოთხოვნა იყო. ისრაელმა ეს პუნქტი გააკრიტიკა. რეზოლუციას მიუღებელი უწოდა ჰამასმა. მისი განცხადებით, საერთაშორისო ძალების ამოცანები, მათ შორის ჰამასის განიარაღება, ამ კონტინგენტს ართმევს ნეიტრალიტეტს და აქცევს კონფლიქტის მხარედ, რომელიც მხარს უჭერს ოკუპაციას.
ღაზის სექტორში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების განიარაღების გარდა საერთაშორისო ძალების ფუნქცია იქნება სამოქალაქო მოსახლეობისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტების დაცვა.
რეზოლუციის თანახმად, ღაზის სექტორში უნდა შეიქმნას ახალი პოლიცია. დღეს ადგილობრივი პოლიცია ჰამასს ემორჩილება.
საერთაშორისო კონტინგენტის გარდა ჩამოყალიბდება მშვიდობის საერთაშორისო საბჭო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრის შემდეგ თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ მშვიდობის საბჭოში, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, იქნებიან ყველაზე გავლენიანი და პატივსაცემი ლიდერები მთელი მსოფლიოდან.
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 17 ნოემბერს მხარდაჭერილი რეზოლუცია პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმის მეორე ნაწილს მოიცავს.
პირველი ნაწილი ითვალისწინებდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლებას. თავის მხრივ, ისრაელმა გაათავისუფლა 2000-მდე პალესტინელი პატიმარი.
ამ შეთანხმებას მხარეებმა 10 ოქტომბერს ეგვიპტეში მიაღწიეს.
- ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას და ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას.
- მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი იყო 50-მდე მძევალი. მათგან 20 ცოცხალი.
- ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 69 ათასზე მეტი ადამიანი.
- ჰამასი ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს.
- პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც გაეროს წევრი სახელმწიფოების დიდი ნაწილი აღიარებს, პალესტინელთა ტერიტორიას აკონტროლებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ფორუმი