Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკორუფციული ბიურო მომავალი წლის მარტიდან გაუქმდება


რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ამის შესახებ სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 17 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმითვე, 2026 წლის 2 მარტიდან გაუქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც.

“ჩვენი მიზანია, მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ჩარჩოს გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია. კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა. ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. იგივე მოდელით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

"როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან", - თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თანახმად, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში. რაც, მისი სიტყვებით, "ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს".

სადავო პარლამენტის სპიკერის თანახმად, "ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას - წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას”.


გასულ კვირაში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამდებობას ტოვებდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი, უწყებაში არ დაადასტურეს. მოგვიანებით მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თანამდებობაზე დარჩებოდა მანამდე, სანამ ეს უწყება იარსებებდა.

ანტიკორუფციული ბიურო 2023 წელს შეიქმნა. მისი შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია იყო და გულისხმობდა ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას.


მოგვიანებით ანტიკორუფციული ბიუროს ზედამხედველობა გავრცელდა „აგენტების კანონზე“ (2024 წელს მიღებული, ფორმალურად „გამჭვირვალობის კანონი“) და „აშშ-ის ანალოგიურ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ (FARA).

ფორუმი

XS
SM
MD
LG