Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მისტიციზმი და ექსტაზის გამოცდილება: „და ყველაფრის ყველაფერი იქნება კარგად“


სალომე ასათიანის პოდკასტი

„ასათიანის კუთხეში“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვბრუნდებით - თემით, რომლის გარშემო ლაპარაკი, მით უმეტეს „აკადემიური“ ლაპარაკი, ურთულესია, თუ არა შეუძლებელი. მაგრამ რაოდენ ძნელიც უნდა იყოს, ამ ეპიზოდში მისტიციზმზე და მისტიკოსებზე ვილაპარაკებთ - რადგან გვწამს, რომ ეს ტრადიცია ახლაც, ჩვენს „განჯადოებულ“ და ავისმომასწავებელი პოლიტიკური ტრანსფორმაციის დროებაშიც შეიძლება გვეხმარებოდეს წარმოსახვის, აღქმის გამძაფრებაში, რეალობის გადასხვაფერებაში, მელანქოლიის სიცოცხლის ენერგიით ჩანაცვლებაში. მოგიყვებით ისტორიულ ფიგურებზე - მისტიკოსებზე - რომლებიც ადამიანის სულის საკრალურ სიღრმეებს იცნობდნენ და, დიდი ხელოვანების თუ დიდი პოეტების მსგავსად, თავად იყვნენ იმ არაორდინარული შესაძლებლობების, მგრძნობელობის, მიღწევების მაგალითები, რაც ადამიანმა შეიძლება გამოცადოს. ვისაუბრებთ ტრადიციაზე, რომელიც მძაფრად ხედავდა ადამიანის ტანჯვას, ტკივილსა და მარტოობას; და ამავდროულად ადამიანისთვის შესაძლებელს ხდიდა, საკუთარი თავი გადაელახა და სამყაროდან - თუ სამყაროში - რაღაც უფრო მასშტაბური, უცნაური, შორეული, დამზაფვრელი, მშვენიერი და ექსტაზური მოეხელთებინა.

კლასიკური განსაზღვრებით, მისტიციზმი ღმერთისა და კაცობრიობის კავშირის შესაძლებლობებსა და საზღვრებს ეძებს. მისტიკოსი ეთქმის მას, ვინც მძაფრად აღიქვამს ღვთიურ ენერგიას, ამ ენერგიასთან შეხების პირადი გამოცდილებები აქვს და საკუთარ ცხოვრებას ღმერთთან მიახლოების გზების ძიებას უძღვნის. მისტიკური ერთობა - ღმერთთან ერთობა - მისტიკოსის ცხოვრებისეული გზის კულმინაციაა, თუმცა ის ყოველთვის არ დგება. მთავარი არის ღმერთის ყოფნის, ღვთიურთან იდუმალი კონტაქტის განცდა - რომელსაც მისტიკოსი ხილვაში, გამოცხადებაში, ფიქრით, კითხვით, წერით, რიტუალით, ექსტაზით, ასკეტიზმით, მუდმივი ძიებითა და სურვილით ელტვის.

როგორც ცნება, „მისტიციზმი“ მეჩვიდმეტე საუკუნის ნაყოფია, თუმცა თავად ფენომენს უხსოვარი ფესვები აქვს - მას შემდეგ, რაც არსებობს ადამიანი, არსებობს რელიგიაც, ხოლო რელიგიის ცენტრში არის რაღაც საკრალური, იდუმალი - მისტიკური. ეს ზედსართავი - “მისტიკური” - ქრისტიანობაში მეორე საუკუნიდან გვხვდება და ფარულ ჭეშმარიტებას მიემართება. ამ ტრადიციაში გვხვდებიან პასიური მისტიკოსები - რომლებიც თავიანთ გზას განდეგილობით, მსოფლიოსგან განშორებულები მისდევენ; და აქტიურებიც - რომლებიც საზოგადოებებში ცხოვრობენ, ქადაგებენ და ლიდერებიც ხდებიან. მისტიკური გამოცდილება ხშირად მოიცავს ცნობიერების არაორდინარულ ფორმებს - ხილვებს, გამოცხადებებს, ტრანსს, ექსტაზს; მაგრამ არა ყოველთვის - მისტიკოსებთან ის მოსაზრებაც გვხვდება, რომ ეს გამოცდილებები მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია და შესაძლოა ზიანის მომტანიც იყოს, თუ გადაფარავს მისტიციზმის არსს - ადამიანის შინაგან ტრანსფორმაციას. ხილვებში ნანახს მისტიკოსი აქცევს ხანგრძლივი მუშაობის წყაროდ და თავის არაორდინარულ გამოცდილებებს სხვებსაც გადასცემს.

რადგან მისტიციზმი უხსოვარი დროიდან არსებობს, მასთან მიახლოების მცდელობისას დროისა და სივრცის შეზღუდვა გარდაუვალი ხდება - და ამ ეპიზოდის ფოკუსში ევროპული შუა საუკუნეების მისტიკურ ტრადიციას მოვაქცევთ. ანუ პერიოდს, როცა მისტიკური მგრძნობელობა არაორდინარულ აღმავლობას განიცდის, როცა ასპარეზზე ჩნდებიან შთამაგონებელი, უცნაური ფიგურები, ასევე მომნუსხველი, ავტონომიური ქალები - მათ შორის მაისტერ ეკჰარტი, იოანე ჯვრისა, ბერნარ კლერვოელი, ჰადევიხ ანტვერპენელი, ტერეზა ავილელი, მარგერიტ პორეტი, ანჯელა ფოლინიოელი. და ჩემი საყვარელი მისტიკოსი, ინგლისელი ჯულიან ნორვიჩელი, პირველი ქალი, რომელმაც წიგნი დაწერა ინგლისურ ენაზე. თავის 1373 წლის ხატოვან გამოცხადებაზე და ხანგრძლივ საღვთისმეტყველო სამუშაოზე დაფუძნებით ის ხსნის მძლავრ სწავლებას გვიტოვებს; „ყველაფერი იქნება კარგად და ყველაფრის ყველაფერი იქნება კარგად“, - ამბობს ჯულიანი, როცა მისი ქალაქი, ნორვიჩი, შავი ჭირით და სიკვდილითაა მოცული.

ეპიზოდში შევეხებით ქრისტიანული მისტიციზმის ინსტიტუციურ ისტორიას - მონასტრული ცხოვრების აღზევებიდან - თავისუფალ მისტიკურ პრაქტიკებამდე. ბევრს ვილაპარაკებთ საკუთრივ მისტიკური წერის ფორმაზე - რომელიც ევროპაში ქალთა ავტობიოგრაფიას ამკვიდრებს, როგორც ჟანრს. შეგვხვდება მისტიკოსთა ნაწერების მუდმივი თემები და სახეები - უდაბნო, სიბნელე, ცეცხლი, ღრუბელი, ნისლი, ზღვა, ჩრდილი, უფსკრული, ანიჰილაცია, არაფრობა; ასევე შინაგანი სიღატაკე - სულის მდგომარეობა შექმნამდე, როცა „ღმერთი ჯერ ღმერთი არ იყო, მაგრამ იყო ის, ვინც იყო“; ჭრილობის მიღების, ტკივილის, ტანჯვის, მიტოვებულობის მდგომარეობები, და საპირისპირო მოძრაობაც - სიხარული, ნეტარება, სიტკბოება, სიტყვის, ლოგოსის სულში დაბადება, განღმრთობის შესაძლებლობა - ანუ იდუმალი მნიშვნელობის ძიება ბიბლიურ სიტყვებში „თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად”. მისტიკოსთა ტექსტებში სიყვარული განიცდება როგორც ჭრილობა და როგორც ჭრილობის განკურნების საშუალება. თავად ღმერთი განიცდება როგორც ერთდროულად შორს და ახლოს.

ბევრს ვილაპარაკებთ მისტიკურ ტრადიციაში ღმერთისკენ, ღვთიურისკენ გზის ყველაზე ინტენსიურ მახასიათებლებზე - სიყვარულზე და უარყოფაზე, თეოლოგიურად - აპოფატიკაზე. მოგიყვებით დიონისეზე - თუ ფსევდოდიონისეზე - რომელიც, როგორც ასეთი, არ არსებობდა, და რომელმაც მისტიციზმის ტრადიციას ღმერთთან, ანუ სიტყვით გამოუთქმელთან მიახლოების მძლავრი მგრძნობელობა შემატა. მუდმივად დავუბრუნდებით მისტიკოსთა საყვარელ ბიბლიურ ტექსტს - „ქება ქებათას“ - რომელიც მისტიციზმის ტრადიციაში მძაფრად მფეთქავი იდუმალი ეროტიკული ენერგიის ქარგად იქცა.

საიმონ კრიჩლი
საიმონ კრიჩლი

ამ ყველაფერში საიმონ კრიჩლი დაგვეხმარება - ინგლისელი ფილოსოფოსი, რომელიც წლებია მიყვარს, არა მხოლოდ მისი გიგანტური ინტელექტის, თემატური სპექტრის გამოც - მას ეკუთვნის ოცზე მეტი წიგნი, მათ შორის ბერძნულ ტრაგედიაზე, შექსპირზე, ჰაიდეგერზე, თვითმკვლელობაზე, იუმორზე, დევიდ ბოუიზე, ფეხბურთზე. კრიჩლის ჯერჯერობით ბოლო წიგნის სათაურია “მისტიციზმი: ექსტაზის გამოცდილება” - და ის ასეთი სიტყვებით იწყება:

„რატომ მისტიციზმი? მას ასე განსაზღვრავენ - გამოცდილება ყველაზე ინტენსიური ფორმით. ჩემს მკითხველს მარტივ რაღაცას ვთავაზობ - არ გინდათ ამ ინტენსივობას გემო გაუგოთ? არ ისურვებდით მიიღოთ საკუთარ თავზე ამაღლების, საკუთარი თავიდან გაღწევის გამოცდილება, სიცოცხლის ყოვლისმომცველი სიმძლავრით შესაგრძნობად? თუ ეს გსურთ, მაშინ, შესაძლოა, ღირდეს გავიგოთ, რა იგულისხმება მისტიციზმში და როგორ შეუძლია მას ჩვენში სიცოცხლის განცდის შეცვლა, ამაღლება და გაღრმავება”.

საიმონ კრიჩლიმ იცის, რომ ასეთი გამოცდილებები მწირია ჩვენს დროში. და მაინც - დამთრგუნველი რეალობის მიღმა რაღაც მომნუსხველსა და ექსტაზურს ახლაც ვგრძნობთ ხოლმე, გვარწმუნებს ის. როცა, მაგალითად, ვუსმენთ საყვარელ მუსიკას - მასში ბოლომდე ვიძირებით, ვნებდებით და სამყარო ახლებური ენერგიით, მნიშვნელობით, ჯადოსნობით იწყებს ხოლმე ფეთქვას. ჩვენი სტუმარი გვეტყვის, რომ მისტიკური მგრძნობელობა - თუმცა ბევრად გაფერმკრთალებული ინტენსივობით - ახლა ესთეტიკის, ხელოვნების, პოეზიის გამოცდილებებშია გადანაცვლებული; ოღონდ ისეთი ხელოვნების, რომელიც საკუთარ ფორმას სცდება და რაღაც დიდს, სიტყვებსა თუ სახეებში ვერდატეულს უახლოვდება. როგორც პაზოლინის კინო - მუდმივად საკრალურის ძიებაში; ან ვერნერ ჰერცოგის კინოგმირები - მეოცნებეები, შეპყრობილები, ბრძენი სულელები; ჩემი საყვარელი ჯეი ეი ბეიკერი - შევარდენზე ყურადღებით დაკვირვებით ამ დიდებულ ფრინველში ლამის რელიგიურ გადაარსებას რომ მიაღწევს.

და „ოთხი კვარტეტი“ - ტომას სტერნზ ელიოტის უკანასკნელი შედევრი, რომელიც, როგორც ეპიზოდში მოისმენთ, მძლავრად საზრდოობს მისტიციზმის ტრადიციით, ბოლო ნაწილში ელიოტი პირდაპირ ციტირებს ჯულიან ნორვიჩელს. ესაა პოემა, რომელიც „პოეტურობას“ ამოწურავს, რომელიც პოეზიას სცდება და ჰიპერბოლების, ანტითეზების, უარყოფების, პარადოქსების სერიით სიტყვით გამოუთქმელთან გვაახლოებს. „ოთხი კვარტეტი“ ზვიად რატიანის თარგმანით გვაქვს - ჩემი მონატრებული მეგობრის, ახლა პოლიტპატიმრის, რომელსაც „ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება. თარგმანი ახლახან დაბეჭდა გამომცემლობა „ინტელექტმა“ და მთელი გულით გირჩევთ წაკითხვას - თუნდაც ზვიადის დიდებული და მომენტებში თითქოს მართლაც მისტიკურად აალებული ქართულის გამო.


  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG