ორპარტიული შეთანხმება 60 ხმით 40-ის წინააღმდეგ დადასტურებულია წინასწარი კენჭისყრით, რომელიც სენატში ჩატარდა „შატდაუნის“ დაწყებიდან მე-40 დღეს, 9 ნოემბრის საღამოს.
CNN-ის ცნობით, სენატმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ფედერალური მთავრობის მუშაობის განახლებისკენ, რასაც წინ უძღოდა რესპუბლიკელების შეთანხმება 8 დემოკრატთან. ისინი მხარს დაუჭერენ „შატდაუნის“ შეწყვეტას ჯანდაცვის პროგრამის სუბსიდირების გაგრძელების საკითხზე კენჭისყრის სანაცვლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ 100-წევრიან სენატში უმრავლესობას (53) რესპუბლიკელები ფლობენ, მათ არ აქვთ ხარჯებთან დაკავშირებული კანონპროექტის მისაღებად საჭირო 60 ხმა და შესაბამისად, აუცილებელია დემოკრატების ნაწილის მხარდაჭერაც.
გამოცემა Politico-ს ცნობით, კანონპროექტი, რომელმაც „შატდაუნი“ უნდა დაასრულოს, ითვალისწინებს რამდენიმე ფედერალური სააგენტოსა და პროგრამის დაფინანსებას მთელი წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენების - 2026 წლის 30 იანვრამდე, სანამ კონგრესი საბოლოოდ შეთანხმდება საბიუჯეტო საკითხებზე.
სენატში რესპუბლიკელების ლიდერი ჯონ თუნი დემოკრატებს მხარდაჭერის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ ჯანდაცვის პროგრამის სუბსიდირების გასაგრძელებლად კენჭისყრა დეკემბერში ჩატარდება.
დემოკრატი სენატორის, ტიმ კეინის ინფორმაციით, რესპუბლიკელებთან მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებული ფედერალური მოხელეების უკან დაბრუნებასაც და დაგროვილი სახელფასო დავალიანების გადახდას.
რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერმა, სენატორმა თუნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „შატდაუნის“ შესაწყვეტად საბოლოო კენჭისყრის ჩატარება სურს 10 ნოემბერს, რათა კანონპროექტი მაშინვე გაეგზავნოს წარმომადგენელთა პალატას. კონგრესის ორივე პალატის მიერ დოკუმენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მას ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს და ფედერალური მთავრობა მუშაობას განაახლებს.
შეერთებული შტატების ფედერალურმა სააგენტოებმა მუშაობა იძულებით შეაჩერეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, რადგან კონგრესი ვერ შეთანხმდა მომდევნო წლის ბიუჯეტზე.
აშშ-ში ახალი ფინანსური წელი 1 ოქტომბრიდან იწყება. ამ ვადის ამოწურვამდე კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის დაფინანსების დროებით გაგრძელებას, ზედა პალატაში, სენატში კი გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა ათზე მეტი კენჭისყრის მიუხედავად.
რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების მთავარ საგნად იქცა დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი ამერიკელებისთვის ჯანდაცვის სუბსიდირების გაგრძელება. ამ ხარჯის შემცირება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაა.
„შატდაუნის“ გამო დაახლოებით 1,4 მილიონი ფედერალური მოხელე იძულებით შვებულებაშია ან უხელფასოდ მუშაობს, მილიონობით ამერიკელს კი შეზღუდული აქვს წვდომა სხვადასხვა მომსახურებაზე.
წლევანდელი „შატდაუნი“ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.
მანამდე სარეკორდოდ ითვლებოდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2018 წელს გამოცხადებული „შატდაუნი“, რომელიც 35 დღეს გაგრძელდა. მაშინ დავის საგანი იყო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა ტრამპის გეგმისთვის, რომელიც მიგრანტების შესაჩერებლად მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობას ითვალისწინებდა.
კონგრესი ორჯერ შეთანხმდა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელებაზე, რამაც 22 დეკემბრამდე გასტანა, 2018 წლის 22 დეკემბრიდან გამოცხადებული „შატდაუნი“ კი 2019 წლის 25 იანვარს დასრულდა.
ფორუმი