Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ, რუსეთი და უკრაინა „დიპლომატიურ გადაწყვეტას“ მიუახლოვდნენ ომის დასასრულებლად


კირილ დმიტრიევი, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში
კირილ დმიტრიევი, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში აცხადებს, რომ მისი აზრით, შეერთებული შტატები, უკრაინა და რუსეთი ახლოს არიან დიპლომატიურ შეთანხმებასთან, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ომის დასრულებას.

„მგონია, რომ რუსეთი, აშშ და უკრაინა რეალურად საკმაოდ ახლოს არიან დიპლომატიურ გადაწყვეტასთან“, - თქვა კირილ დმიტრიევმა CNN-თან საუბრისას 24 ოქტომბერს.

დმიტრიევმა მანამდე დაადასტურა, რომ ის ამერიკაში იმყოფებოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისთან აპირებს შეხვედრას.

აშშ-ის მედიის ცნობით, ის 25 ოქტომბერს მაიამიში შეხვდება ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს. სააგენტო TASS დმიტრიევის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ ის შეხვდება სხვა პირებსაც, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს.

ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას, რათა მოსკოვზე ზეწოლა მოახდინოს და აიძულოს დაასრულოს ომი უკრაინაში.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ სანქციებს უწესებს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ „როსნეფტსა“ და კერძო კომპანიას „ლუკოილს“, რომელთა ექსპორტი მნიშვნელოვნად ავსებს კრემლის ბიუჯეტს.

„ეს ძალიან დიდი სანქციებია - რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიაზე“, - განაცხადა ტრამპმა და სანქციებს „მძლავრი ნაბიჯი“ უწოდა.

მომდევნო დღეს ბრიუსელმა მიზანში ამოიღო „როსნეფტი“ და „გაზპრომნეფტი“, კიდევ ერთი დიდი ნავთობკომპანია, რომელიც სახელმწიფო გაზის გიგანტის, „გაზპრომის“ შვილობილია.

დმიტრიევმა CNN-ს უთხრა, რომ სანქციები „ასეთი დიდი პრობლემა არ არის“. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი არასდროს იმოქმედებს ზეწოლის ქვეშ, ხოლო სანქციები გამოიწვევს ბენზინის ფასის ზრდას შეერთებულ შტატებში, მაშინ როცა რუსეთი უბრალოდ ნაკლებ ნავთობს გაყიდის უფრო მაღალ ფასად.

„ამიტომ, ჩემი აზრით, მთავარი საკითხია, როგორ გავაგრძელოთ დიალოგი და როგორ მოვახდინოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება რეალისტური გადაწყვეტილებებით, ვიდრე წარმოვადგინოთ არარეალური წინადადებები“, - აღნიშნა დმიტრიევმა.

როდესაც მას ჰკითხეს, რატომ უარყოფს პუტინი ცეცხლის შეწყვეტას და ბრძოლის ხაზების გაყინვას არსებული მდგომარეობით, დმიტრიევმა განაცხადა, რომ რუსეთს არა მხოლოდ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, არამედ კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტა სურს. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის შეიძლება დაირღვეს ან გამოიყენოს რომელიმე მხარემ ხელახლა შეიარაღებისთვის.

დმიტრიევის თქმითვე, მას სჯერა, რომ ტრამპისა და პუტინის სამიტი აუცილებლად გაიმართება, თუმცა „ალბათ მოგვიანებით“.

ტრამპი პუტინს გასულ კვირაში ესაუბრა და თქვა, რომ მომდევნო კვირებში მასთან შეხვედრას გეგმავს ბუდაპეშტში, თუმცა მოგვიანებით შეხვედრა გააუქმა და აღნიშნა, რომ შეხვედრა შესაძლოა სხვა დროს გაიმართოს.

„რუსეთ-ამერიკის დიალოგი გაგრძელდება, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი რუსეთის ინტერესები გათვალისწინებული იქნება ამ ინტერესებს პატივს სცემენ“, - თქვა დმიტრიევმა.

როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს ტრამპის უკმაყოფილებაზე იმის გამო, რომ მიუხედავად პუტინთან „ნაყოფიერი სატელეფონო საუბრებისა“, რუსეთი მაინც აგრძელებს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს, დმიტრიევმა უპასუხა, რომ რუსეთის სამხედროების პოზიციაა, რომ ისინი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმიან თავს.

უკრაინა თითქმის ყოველ ღამეს ხორციელდება რუსული დრონებისა და რაკეტების იერიშები, რომლებიც საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აზიანებს კიევში და სხვა დიდ ქალაქებში, შორეულად ფრონტის ხაზიდან.

როცა დმიტრიევს ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა ხარკოვში საბავშვო ბაღზე ამ კვირაში განხორციელებულ თავდასხმას, დმიტრიევმა თქვა, რომ რუსეთის არმია მიზანმიმართულად არ ესხმის თავს საბავშვო ბაღებს, თუმცა „უნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კითხვა უნდა დაისვას“.

„მე არ ვარ სამხედრო“, - თქვა მან - „უბრალოდ ვმუშაობ იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG