პუტინამდე ორბანი ტელეფონით ესაუბრა ტრამპს და განაცხადა, რომ სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს.
კრემლის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა ვიქტორ ორბანს მიაწოდა ინფორმაცია მისი და დონალდ ტრამპის გუშინდელი სატელეფონო საუბრის ძირითადი შინაარსის შესახებ, ორბანმა კი გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს პირობები ბუდაპეშტში „რუსეთ-ამერიკის შესაძლო სამიტის ორგანიზებისთვის“.
პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ორბანმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ სრული მზადება მიმდინარეობს.
16 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას უახლოეს ხანში ბუდაპეშტში შეხვდება. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ შეხვედრა სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიმართება.
ეს ვადა ჟურნალისტებს დღეს, 17 ოქტომბერს მოსკოვში დაუდასტურა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, მოლაპარაკებების მიზანია უკრაინაში ომის შეწყვეტის გზების ძიება. 16 ოქტომბერს ტრამპმა გაიმეორა, რომ ომი მას არ დაუწყია და პასუხისმგებლობა ისევ პრეზიდენტ ბაიდენს დააკისრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მას დახვდა სრული არეულობა, რომელსაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი მოჰყოლოდა, მაგრამ ეს არ მოხდება, უკრაინაში ომის დასრულებას ცდილობს ხალხის გადასარჩენად და სურს დაეხმაროს ევროპას, რომელსაც ომის დასრულება უნდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ევროკავშირის ტერიტორიაზე გაიმართება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს, რომელიც უკრაინას ხშირად აკრიტიკებს, ტრამპთან და პუტინთან კარგი ურთიერთობები აქვს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უნგრეთმა, ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობისგან განსხვავებით, უარი თქვა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, ხშირად აფერხებდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიღებას და არ შეწყვიტა რუსული ნავთობის და გაზის შეძენა.
ბუდაპეშტში პუტინს არც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დაპატიმრება ემუქრება. 2025 წლის გაზაფხულზე უნგრეთმა სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
პუტინის თვითმფრინავს უნგრეთში ჩასასვლელად ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების გავლა მოუწევს. მათი საჰაერო სივრცე რუსეთის ავიაციისთვის დახურულია და ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი ქვეყანა მისცემს რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გადაკვეთის უფლებას.
ფორუმი