Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო შეურაცხმყოფლად აღიქვამს „ფეიკ დამკვირვებლებზე“ საუბარს


ივ მარი ალფი თბილისში ერთ-ერთ სასაფლაოზე: „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევის მიხედვით, მედიაში „საერთაშორისო დამკვირვებლად“ მოხსენიებული ივ მარი ალფი დამკრძალავი სერვისის გამწევი კომპანიის ხელმძღვანელია.
ივ მარი ალფი თბილისში ერთ-ერთ სასაფლაოზე: „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევის მიხედვით, მედიაში „საერთაშორისო დამკვირვებლად“ მოხსენიებული ივ მარი ალფი დამკრძალავი სერვისის გამწევი კომპანიის ხელმძღვანელია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიას შეურაცხყოფად აღიქვამს ინფორმაციას, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, „ფეიკ დამკვირვებლებს“ შეეხება.

დამკვირვებლები, რომელთა შესახებაც „დემოკრატიული არჩევნების ევროპულმა პლატფორმამ“ (EPDE) და „მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) მასალები გამოაქვეყნა, პროსახელისუფლებო მედიას „საერთაშორისო დამკვირვებლებად“ ჰყავდა მოხსენიებული.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა. მას პირველად არ აკვირდებოდნენ ისეთი ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესებს იკვლევდნენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

EPDE-მა 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო 29 „ყალბ დამკვირვებელზე“, რომლებიც „საქართველოს მთავრობას 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის ლეგიტიმურობის იმიჯის შექმნაში დაეხმარნენ“. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ, ამერიკელი, ფრანგი, უნგრელი, ბრიტანელი, ესპანელი, სლოვაკი, პოლონელი და სხვა ქვეყნებიდან წარმომადგენლები.

„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურად მიკერძოებული დამკვირვებლები მიიწვია, რათა სანდო დამკვირვებლების მიერ არჩევნებში აღმოჩენილი დარღვევები დაეფარა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო ახლა ისეთი ქვეყნების მაგალითს მიჰყვება, როგორიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი, რომლებმაც ეს პრაქტიკა რამდენიმე წლის განმავლობაში დაამკვიდრეს“, - ეწერა განცხადებაში.

„მედიის განვითარების ფონდმა“ „მითების დეტექტორის“ პროექტის ფარგლებში შეისწავლა ღია წყაროებში გამოქვეყნებული ინფორმაცია და აღმოაჩინა, რომ სულ მცირე ექვსი „საერთაშორისო დამკვირვებლის“ საეჭვო რეპუტაციაზე გაამახვილა ყურადღება. კვლევაში ეწერა:

  • ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი ხელმძღვანელობს სამგლოვიარო სერვისების კომპანია Caritas Obsèques-ს და სადამკვირვებლო საქმიანობასთან მისი კავშირი ღია წყაროებში არ ფიქსირდება.
  • ფრანკ პენგამი პლატფორმა Géopolitique Profonde-ის თანადამფუძნებელია; 2024 წელს დამკვირვებელი იყო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მათ შორის, დონბასში;
  • ფრანსუა-ქსავია ჟიკელი ორგანიზაცია SOS Chrétiens d’Orient-ის ყოფილი დირექტორია; სავარაუდოდ, აფინანსებდა ასადის რეჟიმის მილიციას; 2011 წელს ულტრამემარჯვენე პარტიიდან ნაცისტური მისალმების გამო გარიცხეს. ჟიკელი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც აკვირდებოდა;
  • პოლონელი დამკვირვებლები, პატრიკ იგნაშჩაკი და ბეატა ტროჩანოვსკა ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მქონე ორგანიზაცია Ordo Iuris-თან არიან დაკავშირებული, რომელიც, თავის მხრივ, ბრაზილიურმა ორგანიზაციამ TFP (Tradição, Família e Propriedade) დააფუძნა. ეს ორგანიზაცია თანამშრომლობს სტრუქტურებთან, რომლებიც რუსი ოლიგარქის, კონსტანტინ მალოფეევის ფონდიდან ფინანსდებიან;
  • ლორან ოზონი ფრანგი ანალიტიკოსია, რომელიც ხშირად აკრიტიკებს დასავლურ პოლიტიკურ სისტემას, ლიბერალურ დემოკრატიას, გლობალიზმსა და დასავლეთის სამხედრო ალიანსებს, განსაკუთრებით კი NATO-სა და აშშ-ის გეოპოლიტიკურ გავლენას. უკრაინელებს უწოდებს “ნეოგლობალისტების მოკავშირეებს”, რომლებიც დასავლურ სტრუქტურებს ემსახურებიან და ამით ეროვნულ სუვერენიტეტს უთხრიან ძირს.
  • ისტვან ჰოლიკი უნგრეთის მმართველ პარტიას წარმოადგენს, ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირის ინსტიტუტებს.

„აღნიშნული შეფასება ცალსახად შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართულია როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ასევე იმ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, რომლებიც არჩევნებს ცესკოს ოფიციალური მოწვევით აკვირდებოდნენ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების და საერთაშორისო პრაქტიკის სრული დაცვით“, - წერია ცესკოს გავრცელებულ განცხადებაში.

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მცირე რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის არავინ იყო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფიდან - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროდან (ეუთო/ოდირი).

ფორუმი

XS
SM
MD
LG