ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსულმა სამსახურმა და დამოუკიდებელმა გამოცემა „მედიაზონამ“ მოხალისეებთან ერთად დაადგინეს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის მხრიდან დაღუპული კიდევ 2000-ზე მეტი პირის ვინაობა.
მედიასაშუალებები იდენტიფიცირებისთვის იყენებენ საჯარო წყაროებით გავრცელებულ ოფიციალურ ცნობებს, ნეკროლოგებს და სამხედროთა საფლავების კვლევის საფუძველზე მოპოვებულ ინფორმაციას.
დღეს, 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, დადგენილია ომში მოკლული 136 286 პირის ვინაობა. 2025 წლის 3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ეს სია 2161 სახელითა და გვარით შეივსო.
დაღუპულთა 54%-ს შეადგენენ მოხალისეები, მობილიზაციის შედეგად გაწვეულები და საომრად კოლონიებიდან გაშვებული პატიმრები, რომლებსაც უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის არმიასთან კავშირი არ ჰქონდათ.
დაახლოებით ერთი წელია რუსეთის რეგიონების მიხედვით დაღუპულთა ყველაზე დიდი წილი ბაშკირეთსა და თათრეთზე მოდის.
ჟურნალისტების კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაღუპულია რუსეთის არმიის სხვადასხვა რანგის 5900 ოფიცერი.
უკრაინასთან ომში რუსეთის რეალური დანაკარგები გაცილებით მეტია. როგორც BBC-ს რუსული სამსახური წერს, სამხედრო საკითხთა სპეციალისტების შეფასებით, საჯარო წყაროებით დადგენილი მონაცემები დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45%-დან 65%-მდეა.
რუსეთი და უკრაინა თავიანთ დანაკარგებს ოფიციალურად არ ასაჯაროებენ.
ფორუმი