ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ იუწყება, რომ დრონებით შეტევის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა სიმფეროპოლის რაიონის დაბა გვარდეისკოეში მდებარე ნავთობის ბაზაზე. სავარაუდოდ, დარტყმა იყო ამავე რაიონში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობზეც.
აფეთქებები იყო ჯანკოის და საკის რაიონებშიც, სადაც „კრიმსკი ვეტერის“ ცნობით, დრონებით დარტყმის შედეგად ელექტროქვესადგური და თბოელექტროსადგური დაზიანდა.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დაადასტურა, რომ „უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ელექტროქვესადგური" და ენერგომომარაგება ნაწილობრივ შეწყვეტილია. აქსიონოვს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ რაიონებშია ეს სადგურები.
17 ოქტომბერს, გამთენიისას ჯერ დრონებით, შემდეგ კი რაკეტებით შეტევის „მოგერიების“ შესახებ იუწყებოდა რუსეთის ქალაქ სოჭის მერი ანდრეი პროშუნინი. ის ტელეგრამ-არხით სოჭელებს და ქალაქის სტუმრებს მიმართავდა, არ მიახლოებოდნენ სანაპიროს და თავი შეეფარებინათ დახურული, უფანჯრებო შენობებისთვის.
დილის რვა საათისთვის სოჭის მერმა გამოაცხადა, რომ განგაშის რეჟიმი გაუქმებულია, თუმცა არაფერი უთქვამს დრონებითა და რაკეტებით შეტევის შედეგების შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამიდან დილის შვიდ საათამდე „გაანადგურეს" 61 უკრაინული დრონი, მათგან 32 ყირიმის და 6 - შავი ზღვის თავზე. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას. ოფიციალურ ცნობაში არაფერი იყო ნათქვამი რაკეტების შესახებ.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი