Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში აღკვეთეს რუსი უფლებადამცველის მკვლელობა


ფოტო არქივიდან. უფლებადამცველი ვლადიმირ ოსეჩკინი
ფოტო არქივიდან. უფლებადამცველი ვლადიმირ ოსეჩკინი

საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ დააკავა ქვეყანაში მცხოვრებ რუს ოპოზიციონერზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი.

ფრანგმა სამართალდამცავებმა, რომლებმაც რუს დისიდენტზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილების დაკავება 16 ოქტომბერს დაადასტურეს, არ დააკონკრეტეს, ვისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

გამოცემა Le Parisien-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ თავდასხმა მზადდებოდა უფლებადამცველი პროექტის, Gulagu.net-ის დამფუძნებელ ვლადიმირ ოსეჩკინზე, რომელიც რამდენიმე წელია საფრანგეთში, ქალაქ ბიარიცში ცხოვრობს.

ინფორმაცია 16 ოქტომბერს, ღამით დაადასტურა ოსეჩკინმაც, რომელმაც ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ცოცხალია და მადლობას უხდის საფრანგეთის შესაბამის სამსახურებს.

საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება ჯერ კიდევ 19 სექტემბერს დაიწყეს, ოთხი ეჭვმიტანილი 13 ოქტომბერს დააკავეს და თავდასხმა ბოლო მომენტში აღკვეთეს. Le Parisien-ის ინფორმაციით, დაკავებული არიან 26-დან 38 წლამდე ასაკის მამაკაცები. მათ შორის არიან საფრანგეთის მოქალაქეები და რუსეთის მოქალაქის პასპორტების მქონე დაღესტნელები.

ვლადიმირ ოსეჩკინის მიერ დაფუძნებული Gulagu.net რუსეთის ციხეებში ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და პატიმრების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

2025 წლის თებერვალში მოსკოვის სასამართლომ ვლადიმირ ოსეჩკინი დამნაშავედ ცნო რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა.

რუსი უფლებადამცველის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი იყო ოსეჩკინის მიერ Youtube-ით გავრცელებული ვიდეოები, რომლებშიც გმობდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და საუბრობდა წამებაზე იმ რუსი სამხედროების, რომლებიც ომში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ.







ფორუმი

XS
SM
MD
LG