Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის მეფე: დღეს, როცა ტირანია ევროპას ისევ ემუქრება, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად


დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ 17 სექტემბერს უინძორის სასახლეში უმასპინძლა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ 17 სექტემბერს უინძორის სასახლეში უმასპინძლა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს

დიდ ბრიტანეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის პირველი დღე მის პატივსაცემად მეფე ჩარლზ მესამის სახელით გამართული წვეულებით დასრულდა.

პრეზიდენტი ტრამპი პირველ ლედისთან, მელანიასთან ერთად დიდ ბრიტანეთში 17 სექტემბერს ჩავიდა. სახელმწიფო ვიზიტის პირველ დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი უინძორის სასახლეში მიიღო მეფე ჩარლზ მესამემ. დახვედრის ოფიციალური ცერემონიისა და შეხვედრის შემდეგ წვეულება გაიმართა.

როგორც ბრიტანული მაუწყებელი BBC წერს, წვეულებაზე მეფემ ბევრი ისაუბრა ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების საერთო ისტორიასა და პარტნიორობის „ახალ ერაზე“.

„დღეს, როცა ტირანია ევროპას ისევ ემუქრება, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა აგრესია შევაკავოთ და მშვიდობას მივაღწიოთ“, - განაცხადა ჩარლზ მესამემ.

სიტყვის ბოლოს მეფემ სტუმრებს ტრამპის სადღეგრძელო შესთავაზა.

თავის მხრივ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრიტანული კულტურისა და ცივილიზაციის მიღწევებზე ილაპარაკა.

დონალდ ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ ერთი წლის წინ აშშ „ძალიან ავად" იყო, დღეს კი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან სტუმრებს დიდი ბრიტანეთის მეფის სადღეგრძელო შესთავაზა.

დღეს, 18 სექტემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG