სააგენტოს წყაროთა თანახმად, ერთ-ერთ გემზე და ნავთობის საქაჩ სადგურზე ხანძრები გაჩნდა და ნავთობის გადატვირთვა შეჩერებულია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პრიმორსკის პორტი წარმოადგენს ჰაბს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისთვის, რომლის დახმარებით რუსეთი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით გარე ბაზრებზე ნავთობს ყიდის, ამ პორტით ყოველწლიურად გადის დაახლოებით 60 მილიონი ტონა ნავთობი და რუსეთისთვის მოაქვს დაახლოებით 15 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში „რბკ უკრაინას“ ისიც განუცხადეს, რომ დაარტყეს ნავთობის საქაჩ კიდევ სამ სადგურს, რომლებიც ლენინგრადის ოლქის პორტ-ტერმინალ უსტ-ლუგისთვის ნედლი ნავთობის მისაწოდებელი მაგისტრალური მილსადენების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.
დღეს, 12 სექტემბერს დილით რუსეთის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად პრიმორსკის პორტში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ გემსა და საქაჩ სადგურზე.
ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში მდებარე პრიმორსკის პორტში განთავსებულია რუსეთის ნავთობკომპანია „ტრანსნეფტის“ ტერმინალები, სადაც მაგისტრალური ნავთობსადენებიდან იღებენ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, ინახავენ და ტანკერებზე ტვირთავენ შემდგომი ტრანსპორტირებისთვის.
ფორუმი