Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის თქმით, პუტინთან ისაუბრა ბირთვული მარაგების შემცირების შესახებ


მარცხნიდან: დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი
მარცხნიდან: დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილა. მისი თქმით, ლიდერები აპირებენ დიალოგში ჩინეთის ჩართვას. პრესკონფერენცია თეთრი სახლის YouTube-არხზე გადაიცა.

ტრამპის თქმით, ეს თემა პუტინთან ალასკაში ვიზიტის დროს განიხილეს.

„ჩვენ ყველაზე მეტ ბირთვულ იარაღს ვფლობთ“, - განაცხადა ტრამპმა, - „რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი კი მესამეზე. ისინი გაცილებით ჩამოგვრჩებიან, მაგრამ ხუთ წელიწადში დაგვეწევიან“. მან პუტინთან დიალოგს „კარგი“ უწოდა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „ყოველი საუბარი“ კარგი გამოდის.

14 აგვისტოს ანკორიჯში გამგზავრებამდე, რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ მას შეუძლია ბირთვული იარაღის საკითხები უკრაინის შესახებ შესაძლო შეთანხმებაში ჩართოს, რასაც ტრამპთან განიხილავდა. მისი თქმით, „სტრატეგიული შეტევითი იარაღის კონტროლის სფეროში შეთანხმებების“ მიღწევა შესაძლებელია ვაშინგტონთან შემდგომი მოლაპარაკებების დროს.

აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ ბოლო ხელშეკრულება 2026 წელს იწურება.

შეთანხმება ნაწილობრივ სრულდება - მოსკოვმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მასში მონაწილეობას აჩერებს.

ხელშეკრულების თანახმად, აშშ-სა და რუსეთს, თითოეულ მათგანს, შეუძლიათ მზადყოფნაში იქონიონ არაუმეტეს 1550 ბირთვული ქობინისა. მატარებლების საერთო რაოდენობა 700-ით შემოიფარგლება. ხელშეკრულება სხვა ქვეყნებზე არ ვრცელდება, მათ შორის არც ჩინეთის სტრატეგიულ შეიარაღებაზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG