აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში ჩატარდა გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც ევროპელმა ლიდერებმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მიიღეს მონაწილეობა.
გაფართოებული შეხვედრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალასკაში პუტინთან შეხვედრის შემდეგ ოპტიმისტურადაა განწყობილი მშვიდობის მიღწევასთან დაკავშირებით და „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა პუტინის თანხმობას უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესახებ. ლაპარაკისას მან ახსენა „ტერიტორიების შესაძლო“ გაცვლა და თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი ამოცანაა, გადაწყდეს „ვინ რას გააკეთებს“.
შემდეგ შეხვედრის სხვა მონაწილეები სათითაოდ მიმართავდნენ პრეზიდენტ ტრამპს და დამსწრე ჟურნალისტებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან “საუკეთესო საუბარი” ჰქონდა და დასძინა, რომ “ძალიან სენსიტიურ საკითხებს” შეეხნენ. “კარგია, რომ ყველა ლიდერი აქ არის და უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამ შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იყო შესაძლო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სასურველი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, თუმცა ეს ახლა შესაძლებელი არ არის.
რამდენიმე უცხოურმა მედიასაშუალებამ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ზელენსკის საერთოდ არ უხსენებია, რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ უკრაინული მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მოქნილ პოზიციას დაიჭერს.
ზელენსკის შემდეგ თითოეულმა დამსწრემ რამდენიმე წინადადება წარმოთქვა. მათ მადლობა გადაუხადეს დონალდ ტრამპს მასპინძლობისა და მშვიდობის დამყარების მცდელობებისთვის და ილაპარაკეს ომის შეჩერების აუცილებლობაზე.
შეხვედრის საჯარო ნაწილის დასრულების შემდეგ ლიდერებმა მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა განაგრძეს.
ფორუმი