ავტორი: გიორგი უგულავა
„მთელ სპარსეთში საუკეთესო სამხედრო ძალად ქართველთა ჯარი მიმაჩნია. გამიგია, რომ საქართველოში 15-20 ათასკაციანი ლაშქრის შეკრება შეიძლება“,− წერდა XVIII საუკუნის 10-იან წლებში რუსეთის ელჩი ირანში, კვალიფიციური დიპლომატი არტემ ვოლინსკი. იქვე იმასაც ამატებდა, თუ ქართველები ერთმანეთთან საერთო ენას იპოვიან, იოლად შეძლებენ სპარსელთა ბატონობისგან გათავისუფლებასო.
ამის მიუხედავად, თითქმის ორასი წელიწადი, საქართველოს რუსულ და საბჭოთა იმპერიაში ყოფნის პერიოდში, დიდწილად დღემდეც, მასობრივად გვჯერა, რომ კრწანისის ბრძოლაში ერეკლეს 5000 ჯარისკაცზე მეტი აღარ ჰყავდა და რომ არა რუსული ბატონობა, შესაძლოა, საქართველო და ქართველები გამქრალიყვნენ.
რუსული პროპაგანდა ნაკლებად ცდილობდა, რომ ქართველებისთვის ოკუპაციის ისტორია ერთმნიშვნელოვნად დადებითად წარმოეჩინა. პროპაგანდა ქართველებს უფრო იმას აჯერებდა, რომ დამოუკიდებლად, სახელმწიფოებრივად არსებობა მათ არ შეუძლიათ და „ერთმორწმუნე“ და „უფრო ევროპული, უფრო განვითარებული რუსეთის“ მფარველობის ქვეშ გადარჩენა ცუდ ვარიანტებს შორის საუკეთესო იყო.
რუსულ იმპერიალიზმს და მის პროპაგანდას დიდი ისტორია, ცოდნა და გამოცდილება აქვს. უფრო ღრმა და დახვეწილი, ვიდრე წარმოგვიდგენია.
რუსული პერსპექტივა შესაძლოა ყველაზე მეტად სწორედ ჩვენს აღქმებსა და წარმოდგენებში დაილექა. რაღაცის გვჯერა ისე, რომ არ ვუკვირდებით. საქართველოს ისტორიაც, როგორც კვლევითი დისციპლინა, დიდწილად საბჭოთა პერიოდშია შექმნილი და გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ იმპერიული ცენზურა და პროპაგანდა მას ძლიერად არ ამუშავებდა.
როდესაც დღეს ვინმეს რუსულ ოკუპაციაზე ესაუბრებით და პასუხად ისმენთ, რომ თურქეთიც ხომ ოკუპანტია, ეს ერთი შეხედვით არცთუ ადეკვატური არგუმენტი დიდი ხნის განმავლობაში დალექილი რუსული პროპაგანდის გამოძახილია. საბჭოთა საქართველოს განათლების სისტემას ჰქონდა პირდაპირი დაკვეთა, რომ აქცენტი „სხვა დამპყრობლებზე“ გაეკეთებინა, მაგალითად, ოსმალეთზე, რათა ამის ფონზე რუსული ოკუპაცია ნაკლებ ბოროტებად, უფრო სწორად, ერთადერთ ხსნად დარჩენილიყო. პროპაგანდის დათესილი შეხედულებები დღემდე არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, უკვე 35 წელია თურქეთი საქართველოს კარგი მეზობელი, მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია.
არტემ ვოლინსკის წერილიდან რამდენიმე ათწლეულში, ქართლ-კახეთის სამეფო, პირველად ძალიან ბევრი წლის შემდეგ, ფაქტობრივად, გაერთიანდა მამა-შვილის, ერეკლეს და თეიმურაზის, მმართველობის ქვეშ. პირველად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 1744 წელს, ქართველმა მეფეებმა სამეფო ძალაუფლება სვეტიცხოველში მიიღეს და არა სპარსეთში, ირანის შაჰისგან. ქართლსა და კახეთში ტახტზე ქრისტიანი მმართველები ავიდნენ, რაც პოლიტიკური დამოუკიდებლობის სინონიმად აღიქმებოდა.
სულ რამდენიმე წელიწადში, სპარსეთში დაწყებული შიდა არეულობის და კრიზისის დროს, ერეკლე და თეიმურაზი წყვეტენ ხარკის გადახდას, აძევებენ ირანულ გარნიზონებს და გავლენას აფართოებენ მთელ აღმოსავლეთ კავკასიაში, დღევანდელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ სახანოებში.
ქართლსა და კახეთში სპარსული ჯარი 50 წელი აღარ მდგარა. ეს 50 წელი ქართლ-კახეთი, ფაქტობრივად, თავისუფალი და დამოუკიდებელია. სუვერენული, როგორც დღეს უყვართ ხოლმე თქმა.
არც გეორგიევსკის ტრაქტატის და არც რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის პერიოდში, ქართულ სამეფო-სამთავროებს, განსაკუთრებით ქართლ-კახეთს, თავის გადასარჩენი არაფერი სჭირდა.
ქართულ სამეფოებს მართლაც ჰქონიათ გადარჩენისთვის ბრძოლისა და უკიდურესი კრიზისის პერიოდები. მაგალითად, XVII საუკუნე ძალიან რთული იყო. თუმცა რუსეთის ანექსიის პირობებში, მით უმეტეს ირანისა და ოსმალეთის მზარდი კრიზისის ფონზე, ეს არ ყოფილა ის პერიოდი, როდესაც ქართველების ფიზიკური გადარჩენის საკითხი იდგა.
თუმცა შემდეგი ორასი წელიწადი რუსული პროპაგანდა არ დაიღლება საპირისპიროს გამეორებით. რუსული ანექსია და ბატონობა აღქმაში დაილექა, როგორც აუცილებელი ბოროტება. პროპაგანდა საქართველოს ისტორიის ყველაზე კრიზისული მომენტს შეარჩევს და მას თავის ინტერესებს მოარგებს. კრწანისის ბრძოლაშიც ერეკლეს 5000 ჯარისკაცი მხოლოდ იმიტომ ჰყავს, რომ მტერს არ ელოდა, რუსებისგან მცდარი სადაზვერვო ინფორმაციის მიღების და მოკავშირე განჯის ხანის ღალატის გამო. მან ამ მიზეზით ვერ მოასწრო ჯარის შეკრება და არა იმიტომ, რომ მეტის შეკრება არ შეეძლო. ჩვენ დღემდე მაინც იმპერიალისტური პროპაგანდის ვერსიით ვსწავლობთ და ვასწავლით ჩვენი ქვეყნის ისტორიას.
ერთ-ერთი ასეთი პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც ჩვენს უცოდინარობას ეფუძნება, მოსახლეობის რაოდენობით მანიპულირებაა. „მხოლოდ 300 ათასი დავრჩით“ − ასე ასწავლა რუსულმა პროპაგანდამ ჩვენს თანამემამულეებს.
ქართლ-კახეთში ამ პერიოდში მართლაც 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, იმერეთში − 170, ხოლო სამეგრელოში − 75. ჯამურად მთელ საქართველოში დაახლოებით 650 ათასი. თუმცა ეს იყო ჯერ კიდევ ინდუსტრიულ რევოლუციამდელი მსოფლიო ანუ მედიკამენტების, ვაქცინების, დამუშავებული საკვების, ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო ცოდნის გარეშე, როდესაც მთელი დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 1 მილიარდს არ აღემატებოდა.
რუსული და საბჭოთა იმპერიის პროპაგანდამ, მათ შორის ისტორიკოსებმა, დაამკვიდრეს მოსაზრება, რომ საქართველოს ფიზიკურად გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა და მოსახლეობის რაოდენობამ მხოლოდ ანექსიის ანუ რუსული მფარველობის ქვეშ მოიმატა.
არადა, იმდროინდელ საქართველოში დაახლოებით ერთ კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 10 ადამიანი ცხოვრობდა, იმდენივე, რამდენიც რუსეთის და ოსმალეთის იმპერიებში და უფრო მეტი, ვიდრე სპარსეთის იმპერიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მთელი ამ ბოლო 200 წლის ტექნოლოგიური რევოლუციების შემდეგაც კი მოსახლეობამ საქართველოში რუსული ანექსიის პირობებში უფრო ნაკლები ტემპით მოიმატა, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში.
იმპერიალისტური სტერეოტიპები ბევრია - თანამედროვე საქართველოს მშენებლობაც იწყება იმ ტექსტით და იმ ადამიანით, რომელიც ვირტუოზულად დასცინის ამ სტერეოტიპებს, პროპაგანდასა თუ ჩვენივე უვიცობას.
სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ამის შემდეგ 150 წელზე მეტი გავიდა და არცთუ ძალიან დავშორდით იმას, რასაც ილია ჭავჭავაძე დასცინის თუ აკრიტიკებს „მგზავრის წერილებში“.
შორს რომ არ წავიდეთ, დღემდე ვერ შევაფასეთ მეორე მსოფლიო ომი, როდესაც ერთი ბოროტი იმპერიის ფარგლებში იძულებითი ყოფნის პირობებში მეორე დიდი და ასევე ბოროტი იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა, სულ მცირე, 700 ათას ქართველს მოუწია და აქედან 300 ათასი სახლში ვერ დაბრუნდა.
საბჭოთა რეალობამ ახალ სიმაღლეზე აიყვანა ის როლი, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს მისცეს - ქართველები არიან კულტურული, თუმცა არა პოლიტიკური ერი. ანუ თქვენი კულტურა, უნიკალური ანბანი, შოთა რუსთაველი, ცეკვა, სიმღერა, იუმორი, ამინდი და სამზარეულო კარგია, თუმცა მეტს, პოლიტიკურს, დამოუკიდებელს და სახელმწიფოებრივს ნუ მოითხოვთ. ეგ მაინც არ შეგიძლიათ და არ გეხერხებათ.
ამ ყალიბს, ქართველის ამ აღქმას დაეფუძნა საბჭოთა კინო და ხელოვნება. ცუდი ის არის, რომ ეს ჩვენც დავიჯერეთ. საბჭოთა სისტემა გვეუბნებოდა, რომ ჩვენი ისტორიაც ბრძოლის ისტორიაა, თუმცა უფრო მეტად გმირულად დამარცხების და საშველის ვერპოვნის. ეს საშველი თუ თვითგადარჩენა ისევ რუსული სივრცეში უნდა ყოფილიყო.
სწორედ ამიტომ საბჭოთა პერიოდში ისტორიასა და ლიტერატურაში ძალიან პოპულარული იყო კარიკატურული ლეგენდა სულხან-საბაზე, მოხუც ქართველ კაცზე, რომელმაც საშველი მთელს ევროპაში ვერსად იპოვა და მეტიც, მას აგდებით, არასერიოზულად მოეკიდნენ. ასეთი ელჩობები თუ დიპლომატიური ურთიერთობა ბევრი გვქონია, სულხან-საბასაც სრული დიპლომატიური პატივით დახვდნენ, თუმცა საბჭოთა პერიოდის ქართულ ლიტერატურასა თუ ისტორიაში სხვა იმიჯი შემორჩა. ისევ ის გზავნილია − „ჩვენს იქით სხვაგან საშველი არ გექნებათ“.
ყველაზე მეტად თუ ხშირად რუსული პროპაგანდა ერეკლეს სახელს იყენებს. არც ის არის შემთხვევითი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის და რუსეთისკენ შეტრიალების პირობებში ერეკლე, როგორც სიმბოლო, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
„არაფრისკენ ისე არ მიისწრაფოდა, როგორც თავისი ქვეყნის ევროპულად გარდაქმნისკენ“, − ამას ამბობენ წყაროები ერეკლეზე, არა მხოლოდ მებრძოლ მეფეზე, არამედ რეფორმატორზე, ადამიანზე, რომელმაც თავისი შეზღუდული რესურსებითაც კი მოდერნიზაციის ახალი ტალღა დაიწყო, ძალიან გონიერ და განათლებულ ადამიანზე. პროპაგანდისთვის ერეკლე გმირი მეომარია, რომელმაც საშველი ვერ ნახა და რუსეთთან დაიჭირა საქმე.
ისინიც კი, ვინც დღეს ერეკლეს აკრიტიკებს, თავისდა უნებურად პროპაგანდისტულ ნარატივში რჩებიან. აკრიტიკებენ მას რუსეთთან კავშირის გამო, თითქოს ის ჭკუაში მოტყუვდა თუ მოატყუეს. არადა საუბარია ვირტუოზ დიპლომატზე, რომელიც ერთდროულად ელაპარაკება რუსეთს, ირანს, ოსმალეთსა და ავსტრიის იმპერიას და არის ე.წ. „ბერძნული პროექტის“ ნაწილი.
სტეფანე ბურნაშევი, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 1783-1787 წლებში, ღიად ამბობს: „არ შეიძლება ითქვას, რომ მათ (ერეკლეს და ქართლ-კახეთის სამეფო სახლს) მოესურვებინოთ ცნობილ დამოკიდებულებაში (იგულისხმება რუსეთის მფარველობა და გეორგიევსკის ტრაქტატი) ყოფნა. ამის მთავარი მიზეზი შემდეგია: თავადმა ალექსანდრემ, ბაქარის ძემ, ვახტანგ მეფის შვილიშვილმა დატოვა რუსეთი იმ განზრახვით, რომ ასულიყო მამა-პაპის ტახტზე, ქართლში. მეფეს (ერეკლეს) ჰქონდა საფუძვლიანი მიზეზები შეშინებოდა მოსალოდნელი არაკეთილსაიმედო შედეგებისა. დედოფალი იმავე საშიშროების გამო გადაიხარა რუსეთთან ტრაქტატის დადებისკენ“.
ერეკლე რუსეთის ზეწოლის ქვეშ არის, რომ ქართლის სამეფოს წაართმევენ და რუსული ჯარის დახმარებით ტახტზე ალექსანდრე ბაქარის ძეს აიყვანენ. რუსეთი სამხედრო-დიპლომატიურ ზეწოლას და ისევ და ისევ ქართველებს იყენებს ერეკლეზე ზეწოლისათვის.
ის აწერს ხელს გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელსაც დღემდე განვიხილავთ. ამ დოკუმენტს და მის პირობებს ის მაშინვე არღვევს, რამდენიმე წელიწადში ოსმალეთთანაც აფორმებს მსგავს ხელშეკრულებას. ზოგადად, ერეკლე გამოცდილი, გონიერი და, რუსების შეფასებით, ძალიან ცბიერი კაცია.
მნიშვნელოვანი ეს დოკუმენტი კი არა, ამის შემდეგ 17 წელიწადში მომხდარი ანექსიაა, დასავლეთ საქართველოში სისხლიანი ბრძოლები, მთიულეთის აჯანყება, რომელიც ქალების უღელში შებმას და გამათრახებას მოჰყვა და თითქმის 30-წლიანი უწყვეტი წინააღმდეგობის ისტორია. თუმცა პროპაგანდა მაინც იმას ამბობს, რომ ჩვენ კი არ დაგიპყარით, თქვენ თვითონ ჩაგვბარდით, თქვენ მოაწერეთ ხელი შეთანხმებას, რადგან ჩვენს იქით უკეთესი გამოსავალი არ გქონდათო. სისხლიან დაპყრობას, ძალადობას და საქართველოს კოლონიად ქცევას რუსეთი არ იმჩნევს.
თუკი ისტორია მეორდება, მეორდება ის, რომ მაშინაც რუსეთის იმპერია ყველანაირად ცდილობდა, შეეზღუდა ერეკლეს კონტაქტები ევროპულ სახელმწიფოებთან. საქართველო მარტო უნდა დარჩეს და შემდეგ იოლ სამიზნედ იქცეს.
არადა, ქართული კულტურა თავისი ბუნებით ძალიან ლაღია და გაზიარებაზე, ურთიერთობებზე, კავშირებზეა ორიენტირებული. ამ კულტურას და ქართულ სახელმწიფოს საუკუნეების მანძილზე აქვს ბერძნულ-რომაულ და შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროსთან ურთიერთობის და ერთობის ტრადიცია. მეცხრამეტე საუკუნის დიდი გამოღვიძება და ახალი ქართული სახელმწიფოსა თუ საზოგადოების საფუძვლების შექმნაც ევროპული ნაციონალიზმის და განმანათლებლობის იდეების გაზიარებით იწყება.
ჩვენი ისტორიის კრიტიკულად გადააზრება, ახალი აქცენტებით შესწავლა და შემდეგ სხვებისთვის სწავლება, განათლების სისტემის და საქართველოს სახელმწიფოს ამოცანაა. პროპაგანდას მხოლოდ ინფორმირებული მოქალაქე ამარცხებს. ისტორია კი პროპაგანდის საუკეთესო გამტარია.
ფორუმი