უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 29 ივლისს, ერთ-ერთი სასწავლო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 18 სამხედრო მოსამსახურე. სარდლობა კონკრეტულ ადგილს არ ასახელებს.
დაწყებულია გამოძიება. სახმელეთო ძალების განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ პირად შემადგენლობაში მსხვერპლი გამოიწვია ხელმძღვანელების მოქმედებამ, ან უმოქმედობამ, დამნაშავეები პასუხს აგებენ.
განახლება: 30 ივლისს, დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი რაკეტით „ისკანდერი” დაარტყეს უკრაინის სახმელეთო ძალების 169-ე სასწავლო ცენტრის ბანაკს, რომელიც ჩერნიგოვის ოლქის დასახლებული პუნქტის, გონჩაროვსკოეს რაიონში მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოკლული და დაჭრილია 200-მდე სამხედრო მოსამსახურე.
ბოლო თვეებში რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს შეტევა უკრაინის სახმელეთო ძალების სასწავლო ცენტრებსა და პოლიგონებზე. მხოლოდ გასულ თვეში რამდენიმე დარტყმა იყო. 22 ივნისს ერთ-ერთი ასეთი შეტევის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა და 14 დაიჭრა.
1 ივნისს სახმელეთო ძალების 239-ე პოლიგონზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 12 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა. იმავე დღეს თანამდებობიდან გადადგა სახმელეთო ძალების სარდალი მიხაილო დრაპატი. გადადგომიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა ზელენსკიმ დრაპატი გაერთიანებული ძალების სარდლად დანიშნა.
ფორუმი