უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაფიო პოზიცია და სიმტკიცე უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, შეამციროს უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 28 ივლისს, ღამით სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეს პოზიცია დროულია მაშინ, როცა ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს რეალური მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალის შედეგად. ზელენსკიმ ტრამპს მადლობა გადაუხადა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და საშინელი ომის შეწყვეტაზე ფოკუსირებისთვის და დაადასტურა, რომ უკრაინა მშვიდობის ერთგულია და შეერთებულ შტატებთან ერთად იმუშავებს, რათა უფრო უსაფრთხო, ძლიერი და აყვავებული იყვნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 ივლისს შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გაიმეორა ადრეც არაერთხელ ნათქვამი, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებულია, რადგან არაერთი საუბრის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაზე შეტევას განაგრძობს.
ტრამპის განცხადებით, რუსეთისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს. ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენით შემცირდება ეს ვადა, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს იქნება დღეიდან(28 ივლისი) 10-12 დღე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება არ იქნება, რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს მკაცრ ტარიფებს დაუწესებენ. ტრამპმა 14 ივლისს ისიც თქვა, რომ უკრაინა ნატოს გავლით მიიღებს ამერიკულ იარაღს, მათ შორის სარაკეტო-საზენიტო სისტემებს Patriot.
28 ივლისს უშუალოდ კრემლი არ გამოხმაურებია პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას რუსეთისთვის მიცემული 50-დღიანი ვადის შემცირების შესახებ.
ამასთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ტრამპს, რომელიც რუსეთს „ულტიმატუმით ეთამაშება“, ორი რამ უნდა ახსოვდეს - რუსეთი არ არის ისრაელი და არც ირანი და ყოველი ახალი ულტიმატუმი არის საფრთხე და ნაბიჯი ომისკენ არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ საკუთარ ქვეყანასთან. მედვედევმა ტრამპს ურჩია, ნუ ივლის „მძინარე ჯოს“(ბაიდენი) გზით.
ფორუმი