Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2026 წლის 1 იანვრიდან მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის სივრცეში როუმინგის ხარჯისგან გათავისუფლდებიან


შესაბამისი შეთანხმება უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლები ისეთივე ხარისხისა და სიჩქარის მობილური მომსახურებით ისარგებლებენ მოგზაურობისას, როგორიც თავიანთ ქვეყნებში აქვთ.
შესაბამისი შეთანხმება უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლები ისეთივე ხარისხისა და სიჩქარის მობილური მომსახურებით ისარგებლებენ მოგზაურობისას, როგორიც თავიანთ ქვეყნებში აქვთ.

ევროპულმა საბჭომ 25 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება 2026 წლის 1 იანვრიდან მოლდოვის ე.წ. “ჩაერთე ისე, როგორც სახლში სივრცესთან“ („Roam like at home area”) მიერთებაზე.

მსგავსი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ ევროპულმა საბჭომ 14 ივლისს მიიღო. შედეგად, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები კი მოლდოვასა და უკრაინაში მობილური კავშირის სერვისებით ისარგებლებენ დამატებითი ხარჯების გარეშე - ისე, როგორც ამას თავიანთ ქვეყნებში აკეთებენ.

შესაბამისი შეთანხმება უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლები ისეთივე ხარისხისა და სიჩქარის მობილური მომსახურებით ისარგებლებენ მოგზაურობისას, როგორიც თავიანთ ქვეყნებში აქვთ.

მოლდოვაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე, რაც 2016 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მიზანია. 2024 წლის შეთანხმებით მოლდოვის მოქალაქეები და ბიზნესები უკვე სარგებლობენ როუმინგის დაბალი ფასებით.

უკრაინას რაც შეეხება, ევროკავშირისა და უკრაინის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს შორის 2022 წელს გაფორმებული შეთანხმებით, ევროკავშირისა და უკრაინის მოქალაქეები ასევე სარგებლობენ დაბალფასიანი მობილური კომუნიკაციით. ეს შეთანხმება ძალაში იქნება 2025 წლის ბოლომდე.

2026 წლის 1 იანვრიდან კი უკრაინაცა და მოლდოვაც ევროკავშირის სივრცეში გათავისუფლდებიან როუმინგის მომსახურების ხარჯისგან.

უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ასოცირების შესახებ შეთანხმების ტელეკომუნიკაციის შესახებ დანართის მიხედვით, საქართველოსაც ჰქონდა პერსპექტივა შეერთებოდა "roam like at home" სივრცეს, თუმცა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და ქმედებების გამო, რამაც ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, საქართველოს ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო სისტემაში ინტეგრაციის პერსპექტივაც გაქრა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ "ინტერპრესნიუსს" მიმდინარე წლის 18 ივლისს განუცხადა:

"კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შეთავაზებული ახალი უპირატესობებით სარგებლობის ნაცვლად - როგორიცაა ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკა, ევროში განხორციელებული ერთიანი გადახდების სივრცეში მონაწილეობა და ბევრი სხვა - არსებობს რისკი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე ხელშესახები სარგებელიც კი, უვიზო მიმოსვლა, შესაძლოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მალე დაიკარგოს".

ფორუმი

XS
SM
MD
LG