14 ივლისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება არ იქნება, რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს მკაცრ ტარიფებს დაუწესებენ.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ტრამპის განცხადებებზე მოსკოვის პირველი ოფიციალური რეაქცია ეკუთვნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს, რომელმაც 15 ივლისს სოციალურ ქსელ X-ში ინგლისურად დაწერა, რომ „ტრამპმა კრემლს თეატრალური ულტიმატუმი გამოუცხადა“.
მედვედევის თანახმად, მსოფლიო შედეგების მოლოდინში შედრკა, ევროკავშირი იმედგაცრუებულია, რუსეთს კი არ ადარდებს.
მკაცრი ტარიფების დაწესების განზრახვის გარდა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 14 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს გავლით მიიღებს ამერიკულ იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს Patriot-ი.
დონალდ ტრამპის ამ განცხადებებს 14 ივლისს კრემლისგან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
პრეზიდენტმა ტრამპმა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც შეერთებულმა შტატებმა თვეების განმავლობაში ვერ შეძლო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის დათანხმება.
ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი და განაცხადა რომ აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მოუწევს.
ფორუმი