რუსული დრონებით შეტევის გამო უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაში შუაღამისთვის გამოცხადდა. საჰაერო ძალებმა და ადგილობრივმა ადმინისტრაციებმა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
შუაღამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა შეტევა დაიწყეს რაკეტებითაც, რასაც მოჰყვა დრონებით თავდასხმის ახალი ტალღა.
უკრაინის რეგიონების უმრავლესობაში საჰაერო განგაში 9 ივლისის დილის ექვსი საათისთვის შეწყდა. რაც შეეხება შედეგებს, დილის შვიდი საათისთვის ცნობილია, რომ კიევის ოლქის ბროვარის რაიონში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
განახლება: დრონებით შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა ქალაქ ხერსონში.
რუსეთის მასირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო უკრაინის ვოლინის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ლუცკი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9 ივლისს, დილით განაცხადა, რომ ლუცკი ყველაზე მასშტაბური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ხანძარმა მოიცვა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორია. ქალაქის მერია და სამხედრო ადმინისტრაცია კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებენ. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
პოლონეთის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარე ქალაქი ლუცკი უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სატრანზიტო კვანძია.
ფორუმი