Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვა და ლატვია: ვგმობთ საქართველოში რეპრესიებს


ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.
ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროები გმობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას.

„ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ოპოზიციონერის დაპატიმრების ფონზე, მკაცრად ვგმობთ რეპრესიებს საქართველოში. „ქართული ოცნების“ ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაა აგებული“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყება პლატფორმა X-ზე.

„პოლიტიკურად დევნილი აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ; დამნაშავეები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ“, - წერია განცხადებაში.

X-ზე ავრცელებს განცხადებას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.

მისი განცხადებით, „ლატვია მკაცრად გმობს ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებასა და გასამართლებას“.

„ეს ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოსკენ სწრაფვაში“, - წერია განცხადებაში.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში დააპატიმრეს რვა პოლიტიკოსი - „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო.

მათ ან უკვე მიესაჯათ პატიმრობა, ან წინასწარ პატიმრობაში არიან და უახლოეს მომავალში ელიან განაჩენის გამოცხადებას.

  • ნიკა მელია - მას დღეს, 27 ივნისს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
  • გიორგი ვაშაძე - მას შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; იგი 24 ივნისს დააპატიმრეს.
  • მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მიუსაჯეს რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი 23 ივნისს დააპატიმრეს.
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - მიუსაჯეს შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
  • ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.

ამავე მუხლით დაკავებულნი არიან ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG