Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მკვლელი დრონები“ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის ძირითადი მიზეზია - გაეროს მისია


2025 წლის 23 აპრილს, უკრაინის ქალაქ მარგანეცში სამგზავრო ავტობუსზე დრონით დარტყმის შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა
2025 წლის 23 აპრილს, უკრაინის ქალაქ მარგანეცში სამგზავრო ავტობუსზე დრონით დარტყმის შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ფრონტისპირა რაიონებში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და დაჭრის ძირითადი მიზეზი ახლო მანძილზე მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმაა.

ეს დასკვნა მოცემულია გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის ანგარიშში, რომელიც 26 ივნისს გამოქვეყნდა და მოიცავს პერიოდს ომის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

დოკუმენტის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის გამომწვევი თავდასხმებისას, ძირითადად, გამოყენებულია FPV-დრონები, რომლებიც კამერებითაა აღჭურვილი და ოპერატორებს დარტყმის ადგილის დათვალიერებისა და კონკრეტული სამიზნეების ზუსტად შერჩევის შესაძლებლობას აძლევს.

მიუხედავად ამისა, დრონებს უშუალოდ სამოქალაქო პირების წინააღმდეგაც იყენებენ. გაეროს მისიას დოკუმენტურად დადასტურებული აქვს შემთხვევები, როცა დრონებით დარტყმებს ემსხვერპლნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ველოსიპედებით, კერძო ავტომობილებით და ავტობუსებით გადაადგილდებოდნენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებში იმყოფებოდნენ ან სახლის მახლობლად სეირნობდნენ.

დრონებით დარტყმის შემთხვევები დადასტურებულია მოქალაქეთა ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დროსაც.

გაეროს მონიტორინგის მისიის დასკვნით, უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების მიერ სამოქალაქო პირებზე დარტყმები არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ზოგიერთი ინციდენტი კი უთანაბრდება სამოქალაქო მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმას, რაც ომის დანაშაულია.

გაეროს მისია აცხადებს, რომ აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება ფრონტისპირა რაიონებში სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად, დრონებით მიზანმიმართული თავდასხმების შეწყვეტა, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა.






ფორუმი

XS
SM
MD
LG