Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის ხარჯები, უკრაინა და ტრამპი: რას ველით NATO-ს ჰააგის სამიტისგან


დონალდ ტრამპი ნატოს შეხვედრას ესწრება ლონდონში 2019 წელს, აშშ-ის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში.
დონალდ ტრამპი ნატოს შეხვედრას ესწრება ლონდონში 2019 წელს, აშშ-ის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში.

ნატოს ლიდერები 24-25 ივნისს ჰააგაში შეიკრიბებიან და შეეცდებიან ერთ მთავარ შეკითხვაზე გასცენ პასუხი: შეძლებენ თუ არა შეთანხმების მიღწევას თავდაცვის ხარჯების ახალ სამიზნესთან - მშპ-ის 5%-თან დაკავშირებით?

თუმცა ყველას ყურადღება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე იქნება მიმართული.

თუ ის გამოჩნდება.

სულ უფრო ხშირად ისმის ვარაუდები, რომ მან სამიტი შეიძლება საერთოდ გამოტოვოს, თუმცა ნატოს ინსაიდერები, რომლებსაც "რადიო თავისუფლება" გაესაუბრა, უფრო მიიჩნევენ, რომ ის სამიტზე ჩავა.

სამიტი არსებითად ისეა დაგეგმილი, რომ ამერიკის ლიდერს აამონ და ალიანსში უთანხმოების ნიშნები არ გამოჩნდეს.

ახლაც შიშობენ, რომ არ განმეორდეს 2018 წლის ბრიუსელის სამიტის სკანდალური სცენარი, როდესაც ტრამპი (მაშინ პირველი ვადით იყო არჩეული) ევროპის ქვეყნებსა და კანადას დაემუქრა, რომ აშშ ალიანსს დატოვებდა, თუ ისინი თავდაცვის დანახარჯებს მნიშვნელოვნად არ გაზრდიდნენ.

მას შემდეგ, ამერიკული ზეწოლისა და უკრაინაში ომის გამო, მოკავშირეების უმეტესობამ ხარჯები გაზარდა – 2014 წელს უელსში შეთანხმებული მშპ-ის 2%-იან სამიზნეს რამდენიმე ქვეყნის გარდა, ყველამ მიაღწია.

თავდაპირველად იგეგმებოდა ნიდერლანდში სამდღიანი შეხვედრის გამართვა, თუმცა შემდეგ გეგმები შეიკვეცა. ახლა 24 ივნისს ნიდერლანდის მეფე უმასპინძლებს ერთ-ერთ სამეფო სასახლეში სადილს, მეორე დღეს კი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ერთი სამუშაო სესია ჩატარდება, რომელიც, სავარაუდოდ, სამ საათსაც კი არ გასტანს.

სულ ეს არის.

NAC-ის სესიაზე ლიდერები "ჰააგის დეკლარაციაზე" შეთანხმებიან.

დოკუმენტი ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ "რადიო თავისუფლების" მიერ ნანახი წინასწარი ვერსიების მიხედვით, ის ძალიან მოკლე იქნება.

წინა სამიტების მსგავსი დოკუმენტები მრავალგვერდიანი იყო და სხვადასხვა თემას შეეხებოდა. ამჯერად კი შესაძლებელია, რომ დეკლარაცია ხუთი პუნქტისაგან შედგებოდეს. შედარებისათვის - შარშანდელი დოკუმენტი 38-პუნქტიანი იყო და ამას კიდევ უკრაინისთვის დახმარების შესახებ 6-პუნქტიანი დანართი ემატებოდა.

მთავარი საკითხია 5%-იანი თავდაცვის ხარჯების სამიზნე და მისი შესრულების ვადა.


ესპანეთს სამიზნე არ მოსწონს

შეხვედრამდე ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სამიზნეს არაგონივრული უწოდა და მადრიდისთვის გამონაკლისის დაშვება მოითხოვა.

სამიტის წინ რიუტემ ესპანეთს სამიზნის შესრულებისთვის გარკვეული მოქნილობა მისცა.

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე

რიუტეს მიერ შეთავაზებულ 5%-ში შედის 3,5% "ხისტი" სამხედრო ხარჯები (რაკეტები, ვერტმფრენები, საბრძოლო თვითმფრინავები...) და 1,5%, რომელიც „მდგრადობაზე“ უნდა დაიხარჯოს. ეს განზრახ ბუნდოვანი ტერმინია, რომელშიც თითქმის ნებისმიერი ხარჯი შეიძლება შევიდეს.

უმეტესობა ამას ალბათ ინფრასტრუქტურაზე დახარჯავს - სამხედრო მობილურობის გასაუმჯობესებლად. ასევე, შესაძლოა, ამაში უკრაინისთვის გაწეული დახმარებაც ჩაითვალოს. დოკუმენტის მონახაზში ნათქვამია: "მოკავშირეები კიდევ ერთხელ დებენ უკრაინის მხარდაჭერის პირობას და ამიტომ თავდაცვის ხარჯების გაანგარიშებისას გაითვალისწინებენ უკრაინის თავდაცვასა და სამხედრო მრეწველობაში პირდაპირ შენატანებს".

ასევე არსებობს უთანხმოება 5%-იან მიზნამდე მისაღწევ ვადასთან დაკავშირებით.

აშშ-ის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის გარდა, ცოტას თუ მოსწონს 2032 წელი, რადგან უმეტესობა ამ ვადას მიუღწევადად მიიჩნევს.

როგორც ჩანს, ახლა ბოლო ვადად 2035 წელი განიხილება.

ნებისმიერ შემთხვევაში, დეკლარაციაში ნახსენები იქნება, რომ 2029 წელს სამიზნის შეფასება მოხდება.

ნატოს ჩინოვნიკებს, ცხადია, ესმით, რომ ეს თარიღი აშშ-ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ დადგება. თუმცა ისინი ამტკიცებენ, ეს უბრალოდ 2032 წლამდე გზის ნახევარიაო.

ევროპელი მოკავშირეები კმაყოფილნი იქნებიან, რომ დეკლარაციის მონახაზში ნახსენებია ნატოს ურთიერთდაცვის შეთანხმება - მე-5 მუხლი. ეს აღსანიშნავია, რადგან ბევრს ეშინია, რომ ვაშინგტონი აღარ არის მზად სხვა 31 მოკავშირის დასაცავად თავდასხმის შემთხვევაში. ასევე, ტექსტში რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის "საფრთხედ" იხსენიება.

დოკუმენტი ასევე აღნიშნავს ტრანსატლანტიკურ სამრეწველო თანამშრომლობას – ეს ვაშინგტონის ინტერესის აღიარებაა, რომ ამერიკულმა კომპანიებმაც იხეირონ ევროპული თავდაცვის ხარჯების ზრდით.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ მომავალი წლის სამიტი თურქეთში გაიმართება, რასაც ალბანეთში შეხვედრა მოჰყვება.

თურქეთი დიდი ხანია ცდილობდა ნატოს სამიტის მასპინძლობას, მაგრამ რამდენიმე მოკავშირე წინააღმდეგი იყო თურქეთის ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გამო. ახლა, ანკარის გეოპოლიტიკური გავლენის ზრდასთან ერთად (შუა აღმოსავლეთიდან უკრაინამდე), ეს ამბიცია 2026 წელს საბოლოოდ განხორციელდება.

უკრაინის წევრობა?

კიდევ ერთი დიდი გაურკვევლობაა, თუ რამდენად იქნება წარმოჩენილი უკრაინა ამ სამიტზე.

კიევის ნატოში გაწევრიანების სურვილი 2023 წელს ვილნიუსისა და 2024 წელს ვაშინგტონის სამიტების ძირითადი თემა იყო, მაგრამ ამაზე საუბარი მიჩუმდა, როცა ტრამპმა საჯაროდ უარყო ქვეყნის გაწევრიანების შესაძლებლობა.

ჰააგის დოკუმენტის მონახაზში უკრაინის პოტენციური წევრობის შესახებ არაფერია ნათქვამი. ნატოს რამდენიმე დიპლომატმა რადიო თავისუფლებას ანონიმურად უთხრა, რომ ჯობია, ეს თემა საერთოდ არ იყოს ნახსენები, ვიდრე ვილნიუსისა და ვაშინგტონის კომუნიკეების კიდევ უფრო გაწყალებული ვერსია ჩართონ - იქ დაპირება მაინც იყო მომავალი წევრობის შესახებ.

ნატო-უკრაინის საბჭოს (NUC) ფორმალური შეხვედრა ლიდერების დონეზე არ ტარდება, თუმცა ამის სანაცვლოდ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები 24 ივნისს სადილს გამართავენ უკრაინელი კოლეგის, ანდრიი სიბიჰას თანდასწრებით.

ჰააგაში მიიწვიეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მოსალოდნელია, რომ ის ლიდერების სადილზე გამოჩნდება – ღონისძიებაზე, რომელსაც ნატოს ინდო-წყნაროკეანური პარტნიორებიც (ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და სამხრეთი კორეა) ესწრებიან.

ზელენსკიმ ასევე შეიძლება მონაწილეობა მიიღოს სამიტის პარალელურად მიმდინარე ღონისძიებებში, მაგალითად, ნატოს თავდაცვის მრეწველობის ფორუმში. ასევე, შესაძლებელია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ერთგვარი მინისამიტი ჩატარდეს რიუტესა და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, ნატოს ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG