Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიას დისტანციურად ჩართვას სთავაზობს - კომისია უარზეა


ფოტოზე: გიორგი გახარია და თეა წულუკიანი
ფოტოზე: გიორგი გახარია და თეა წულუკიანი

გიორგი გახარია მზად არის სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ჩორჩანის საგუშაგოს საკითხზე დასმულ კითხვებს უპასუხოს, ოღონდ დისტანციურად, რადგან ის ახლა საქართველოში არ იმყოფება.

თუმცა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კომისია ამ შეთავაზებაზე უარს აცხადებს და „დაჟინებით ითხოვს“ ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც „არავითარი ობიექტური ახსნა“ არა აქვს, თუ საგამოძიებო კომისია „რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული“.

„კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. “ონლაინ” რეჟიმში, რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ - ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში“, - წერია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე პირველად 2025 წლის 14 აპრილს დაიბარეს, მაშინ სხდომა 6 საათი გაგრძელდა.

16 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარია ისევ დაიბარეს კომისიის სხდომაზე.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება. იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა იმ სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ არცერთი სანტიმეტრი ტერიტორიის მისი ამ ნაბიჯით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავსო“, - განაცხადა მაშინ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

კომისიაში გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია.

გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. მას კითხვები დაუსვეს ოპოზიციაში გადასვლის მიზეზებსა და ჩორჩანაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საგუშაგოს გახსნაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG