„ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე [...] ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. ეს ხუთი პირი მას თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს ავტომანქანაში, აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია. დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე ვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.
ადგილზე მიყვანის შემდეგ გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მას ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი უფროსი, 10 წლის შვილის სკოლის და 2,5 წლის ტყუპის ბაღის ადგილმდებარეობას.
მთელი ამ დროის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა მუქარა და მას ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. მე მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ ტელეფონთან წვდომას“, - თქვა ბოკუჩავამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.
გუშინ, 8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც მის სექსუალურ ორიენტაციას შეეხებოდა.
„გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი. მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს“, – ამბობდა იოსელიანი.
კოტე იოსელიანის ბოდიში მიემართებოდა მის მიერ 2018 წელს გაკეთებულ საჯარო განცხადებას, სადაც ის მიანიშნებდა უტა ივანიშვილსა და ერთ-ერთ ცნობილ საჯარო ფიგურას, პოლიტიკოსს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამ განცხადებიდან მეორე დღესვე მან საჯარო ბოდიში მოიხადა. თავად განცხადებებში ის სხვების პირად ცხოვრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქალაქში მოსიარულე ჭორებს“ მიაწერდა.
ფორუმი