ავტორი: გიორგი მესხია
ყველაფერი კინემატოგრაფიის სცენას ემსგავსება აი ისეთს 40 - იანი წლების ჰოლივუდში რომ ნახავ, ოღონდ აქ არც წვიმის ქვეშ მოცეკვავე ქუდიანი კაცი ჩანს და მითუმეტეს არც მთავარი პერსონაჟის გადასარჩენად განკაცებული ანგელოზი. აქ მხოლოდ ერთი გრძელი შავ-თეთრი სიუჟეტია: ბოი ბიგ ბენდიდან გამოგდებული ოდნავ მსუქანი შავი კაცი თავის აპარტამენტის კარებს ანგრევს, იატაკზე წიგნები ყრია, კარადის უჯრები გადმოვარდნილია, წიგნის ფურცლები, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკის ისტორიაზე გვიყვება, მთელს ოთახში მიმოფანტული. არსად ჩანს ის დალოცვილი, სამოთხისაკენ მიმავალი კიბეების თეთრი გასაღები, არსად ჩანს. ჰეროინი აღარ არის. უნდა იპოვოს, ფურცლებში ტელეფონის ნომრებს ეძებს, სასწრაფოდ უნდა შეძლოს ჯიბეში ნაპოვნი უკანასკნელი ჰონორარით რომელიმე გადამყიდველამდე გასვლა.
ჩემი უცნობი ჯაზის და მისი ისტორიის მოყვარული მეგობრები შეიძლება მიმხვდარიყავით, რომ საუბარი გენიალურ ჯონ კოლტრეინზეა. კოლტრეინზე რომელიც, ასევე გენიალურმა, მაილს დევისმა ბენდიდან ნარკოდამოკიდებულების მიზეზით გამოაგდო. შეიძლება ორმა გენიოსმა ერთმანეთს ვერ გაუძლო, შეიძლება ეს ადამიანური სისუსტე და შური იყო, მაგრამ ამ ისტორიაში ეს მთავარი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კოლტრეინს კრიტიკოსები დანგრეულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, ექიმები და მეგობრები კი ნარკოტიკებისგან სიკვდილს, მან ყველა ფსონის საწინააღმდეგოდ, აღმოსავლური სპირიტუალიზმის დამსახურებით, დამოკიდებულება სრულიად გადააგდო და შემდეგი 10 წლის განმავლობაში გენიალური ალბომები ჩაწერა.
ჯაზის და ლამაზი ისტორიის მოყვარული ხმები ამბობენ რომ სულ ოდნავი დოზა, კიდევ რამდენჯერმე ნარკოტიკის მიღება და ის დაღუპული იყო. სხვა უამრავი ჭორი, ზღაპარი თუ სიმართლე არსებობს რომლებზეც ლამაზად, მხატვრულად საუბარი შეიძლება მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი არც ეს არის...
მაილს დევისის მიერ კოლტრეინის ბენდიდან გამოგდების 65 წლის თავზე 9 აპრილს რუსთაველის ქუჩას მივუყვებოდი. ერთ-ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ კინოჩვენებაზე. აქ არც ოპოზიციაზე, არც საქართველოს მომავალზე და არც 9 აპრილის სიმბოლურ დატვირთვაზე საუბრით თავს არ მოგაწყენთ, უბრალოდ გეტყვით რომ იმ დღეს წვიმაში მეგობრების გვერდით დგომისას ბიძგი იგრძნობოდა, ბიძგი რომელსაც ცრემლის, ბრაზისა და შიშის სუნი ერთთდროულად ასდიოდა. გავიხსენეთ თავისუფლებას შეწირული გმირების სახელები, რუსეთის საგმირო საქმეები. ზოგმა იტირა, ზოგმა ვერ. ბევრმა შეიგინა, ცოტამ ვერ გაუძლო. ნებისმიერ შემთხვევაში მე მჯერა რომ ყველამ ვიგრძენით ბიძგი, ადამიანის სულის ის პატარა რხევა, რომელსაც საკუთარი თუ საკუთარი ქვეყნის თავისუფლება ენატრებოდა.
ჩემი პატარა ცხოვრების განმავლობაში უკვე მივედი იმ მარტივ დასკვნამდე როცა შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრება წარუმატებლობების მთელი სერიაა. შეიძლება დავკარგოთ სიყვარული, ქვეყანა, მეგობრები, გამოგვაგდონ ბოი ბიგ ბენდიდან, დავკარგოთ ყველაფერი რაც ჩვენთვის ძვირფასია...
მაგრამ თუკი 9 აპრილს რუსთაველის ქუჩაზე საკუთარი მეგობრების მძიმე სუნთქვას უსმენ,
თუკი ძილის წინ სახე ცრემლებით დაგისველდება რადგან “TIKTOK-ის“ ზედმეტად ინტიმურ სიმღერაზე ზედმეტად ინტიმური „ედითი“ შეგხვდა,
თუკი უბრალოდ სამსახურში მიდიხარ რომელიც გეზიზღება,
თუკი დედა ხარ რომელიც ორ შვილს მარტო ზრდის,
თუკი პირველყოფილი მაიმუნი ხარ, რომელიც მოულოდნელად მიწის დამუშავებას ან იარაღის გამოყენებას სწავლობ,
თუკი ყველასგან მიტოვებული, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი, კრიტიკოსების მიერ კარიერ დანგრეული კოლტრეინი ხარ,
ერთი წამით გაჩერდი და შენს სუნთქვას მოუსმინე. იქ ბიძგს იგრძნობ, ადამიანის დამანგრეველი სულის ბიძგს და თუ როგორღაც მას დაიჭერ, მოძრაობას დაიწყებ, საკუთარ თავისუფალ სულსავე ფეხს აუწყობ, ის აუცილებლად ამოგიყვანს ორმოდან და გაგათავისუფლებს შენი თუ სამყაროს მიერ შექმნილი საშიში ბორკილებისაგან.
ფორუმი