Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიში გვამარცხებს


რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმი „შიში ჭამს სულს“
რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმი „შიში ჭამს სულს“

„შიში ჭამს სულს“ (გფრ, 1974. რეჟისორი რაინერ ვერნერ ფასბინდერი)

31 მაისს დიდ გერმანელ კინორეჟისორს, რაინერ ვერნერ ფასბინდერს, 80 წელი შეუსრულდებოდა. გარდაცვალებამდე, 1982 წელს, 36 წლის ფანსბინდერს 44 ფილმი ჰქონდა გადაღებული. წარმოგიდგენიათ რამდენი ფილმის ავტორი იქნებოდა იგი დღეს? ამერიკული კინოს კლასიკოსის, ჯონ ფორდის რეკორდს ნამდვილად გადააჭარბებდა. სხვათა შორის, მოულოდნელ სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, უკანასკნელი ფილმის, „კერელის“ პრემიერის წინ ჩაწერილ ინტერვიუში ჯონ ფორდი თავად ახსენა. “ჯონ ფორდის მსგავსად, მირჩევნია გადავიღო ბევრი პატარა და არა ცოტა, მაგრამ დიდი ფილმი... გადასაღებ მოედანზე დიდხანს ყოფნა შიშების დაძლევაში მეხმარება.“

მხოლოდ 1983 წელს, რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიოში ფასბინდერის შემოქმედების ამსახველი 42 წიგნი გამოიცა. თითქმის ყველა ავტორი სვამდა ამ კითხვას: „რისი ეშინოდა რაინერ ვერნერ ფასბინდერს?“ სერიოზულ მონოგრაფიებში წერდნენ ფასბინდერის როლზე კინოს ისტორიაში, იმაზე, რომ მან ბრეხტი დაუბრუნა გერმანულ კინოხელოვნებას, რომ „მდაბიო ჟანრები“ საავტორო, ინტელექტუალური კინოს დონეს დაუახლოვა და რაც მთავარია, თავისი თაობის გერმანელ რეჟისორებში ყველაზე უკომპრომისოდ მიმართა დანაშაულის და სასჯელის, „კოლექტიური ბრალის“ თემის ინტერპრეტაციას. მაგრამ ამ წიგნების ავტორებიც გატაცებით მსჯელობდნენ მის პირად ცხოვრებაზე, მისი ბავშვობის ტრავმებზე.

ფასბინდერის ბიოგრაფია მართლაც „დიდი კინოა“. ესაა რენესანსული ნიჭის ახალგაზრდა კაცის ამბავი, რომელიც კვლავაც პასუხგაუცემელი კითხვებითაა სავსე. უფრო მეტიც, ზოგჯერ საზღვრის დადგენაც კი რთულდება რაინერ ვერნერ ფასბინდერის ცხოვრებასა და მის ფილმებს შორის - თითქოს კინო ირეკლავს მის ისტორიებს, მის საკმაოდ მძიმე ხასიათს, მის რადიკალიზმს. ამიტომ, რატომაც არა... რატომ არ უნდა ვიცოდეთ როგორ ცხოვრობდა, თუ გვსურს უკეთ გავიგოთ მისი ფილმები?

რატომ არ უნდა ვიცოდეთ, მაგალითად, რომ ელ ჰედი ბენ სალემი, რომელიც ალის როლს ასრულებს ფასბინდერის ფილმში „შიში ჭამს სულს“, წლების მანძილზე რეჟისორის საყვარელი იყო და სწორედ ამ ფილმით გააცნო თავი მსოფლიოს. ფილმის მსოფლიო პრემიერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფასბინდერმა განაცხადა, რომ დაიღალა ალის აგრესიულობით და დაშორდა მას. ერთი წლის შემდეგ სალემი ბერლინის ერთ ბარში დებოშს მოაწყობს, დანით დაჭრის სამ ახალგაზრდა კაცს, როგორც ფასბინდერის ბიოგრაფები წერენ, „სისხლიანი ხელებით დაბრუნდება სახლში“ და ფასბინდერს ასე მიმართავს: „ახლა შეგიძლია ჩემი აღარ შეგეშინდეს“... რაინერ ვერნერ ფასბინდერი ისარგებლებს თავისი კავშირებით და მოახერხებს სალემის გადაყვანას საფრანგეთში. თუმცა რამდენიმე დღეში მსახიობს დააპატიმრებენ. 1977 წელს ელ ჰედი ბენ სალემი საკანში თავს ჩამოიხრჩობს. ამბობენ, რომ ფასბინდერმა სწორედ სალემს მიუძღვნა თავისი უკანასკნელი ფილმი „კერელი“.

ასე რომ, გარკვეულწილად სალემი თავის თავს განასახიერებს ფასბინდერის ფილმში. აქ იგი მაროკოელი მიგრანტია, რომელიც არალეგალურად ცხოვრობს გერმანიაში. მოწყვეტილია სახლს და ახლობლებს, ისევე მარტოა, როგორც ფილმის მეორე გმირი, 60 წლის დამლაგებელი, გერმანელი ქვრივი, რომელსაც თითქმის გაწყვეტილი აქვს კონტაქტი ოჯახის წევრებთან. ერთი შეხედვით, მათი რომანი უფრო გარიგებაა, ვიდრე რომანტიკული შეხვედრა. მიუხედავად ამისა, „შიში ჭამს სულს“ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სასიყვარულო ისტორიაა კინოში, ისევე როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი ქსენოფობიასა და შეუწყნარებლობაზე. კინო რომანტიკულ ამბავსა და სოციალურ დრამას შორის, კინო, რომელიც ხან დუგლას სირკის „საპნის ოპერებს“ გვაგონებს (ფასბინდერი არ მალავდა, რომ „შიში“ ამერიკელი რეჟისორის, დუგლას სირკის ფილმის, „ყველაფერი, რასაც ზეცა იძლევა“, რიმეიკია), ხანაც აკი კაურისმიაკის სტატიკურ სურათებს.

„ემოციურ სასიყვარულო ისტორიას“ ვამბობ, მაგრამ ესაა სწორედ ფასბინდერის უნიკალური ხელწერა - ემოციები არასდროს, არცერთ მის ფილმში არ გადასძლევს ფიქრს და ანალიზს. თითქოს რამხელა მასალაა „დიდი გრძნობებისთვის“... 60 წლის ქალი და 40 წლის კაცი, თეთრკანიანი გერმანელი და შავკანიანი მაროკოელი, თანაც მუშა, უპოვარი... რამხელა მასალაა ტრაგიკული სიყვარულის სურათისთვის. საზოგადოების შეუწყნარებლობის თემას ხომ ჰოლივუდის მასშტაბების დაუფლება შეუძლია. მით უმეტეს, ყველაფერი თუ ტრაგიკულად დასრულდება.

მაგრამ არა. ამ შედარებით ადრეულ ფილმშიც ვხედავთ ფასბინდერს, რომელმაც „მარია ბრაუნის ქორწინება“, „ვერონიკა ფოსის სევდა“, „ლილი მარლენი“ გადაიღო...ვხედავთ სტატიკურ კადრებს და მკვეთრ ფერებს, პრინციპულად მოკლებულს ნიუანსებს, ნახევარტონებს, ზოგჯერ უბრალოდ სასაცილოდ განაწილებულებს (ერთნაირი ვარდისფერი - სკამების ფერი და ჩაცმულობა), მკვეთრად მოჩარჩოებული, თეატრალიზებული მიზანსცენებით (როგორც ამბობენ ხოლმე, „ფასბინდერის კადრები ტრაექტორიით“). ამ სამყაროში ნიუანსებისთვის ადგილი არაა. ისევე როგორც ადგილი არაა დიდი ემოციებისთვის. სწორედ ეს აძლიერებს გამოუვალობის განცდას მაშინაც კი, როცა თითქოს "ჰეპიენდი" მოახლოებულია. ორაზროვნება და სარკაზმი იდეალურად ერგება გასული საუკუნის 70-იანი წლების გერმანიის ატმოსფეროს - ნაცისტური რეჟიმით გაჟღენთილ ყოფას, რომელსაც აქ ჩვეულებრივი, კანონმორჩილი ფილისტერები ქმნიან. ეს სისტემა, შესაძლებელია, უფრო ძლიერია და საშიში, ვიდრე უბრალოდ, ავტორიტარული რეჟიმები, რადგანაც უკეთაა შენიღბული, უფრო ფართოდაა გაშლილი. ამიტომაც განსაკუთრებით სარისკოა მასთან დაპირისპირება. ფასბინდერი გვახსენებს, რომ შიში ნებისმიერი დიქტატურის საფუძველია. დიქტატურა განსაკუთრებით ებრძვის იმას, ვინც შეძლო და გადალახა შიში, გამოეყო ბრბოს, გაბედა სხვანაირი ცხოვრება. ასეთი ადამიანი შეიძლება მოკლან. მაგრამ მოკლან მისი სხეული, სულს კი, რომელიც შეინარჩუნა, რადგან არ შეეშინდა, ვერაფერს დააკლებენ. სულს ხომ, პირველ რიგში, „შიში ჭამს“.

“ძილს სიკვდილის მერეც მოვასწრებ”, უთქვამს ერთხელ ფასბინდერს, როცა ექიმებმა გააფრთხილეს, რომ ასეთი ინტენსიური ცხოვრება, მუდმივი უძილობა მას ავად გახდიდა. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ფასბინდერმა განაცხადა, რომ მუშაობას იწყებს ორ პროექტზე - ფილმ “როზა ლუქსემბურგზე”, რომელშიც მთავარი როლი რომი შნაიდერს უნდა შეესრულებინა. მაგრამ რომი შნაიდერი ფასბინდერის დაღუპვამდე 12 დღით ადრე გარდაიცვალა.. ვერც მეორე პროექტის განხორციელება შეძლო – ვერ გადაიღო დასრულებული სცენარი სახელწოდებით, “კოკაინი”. სწორედ კოკაინმა მოკლა.

ფილმის სრულ ვერსიას ინგლისური სუბტიტრებით ნახავთ ამ ბმულზე.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG