Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის პოლონეთის ახალ პრეზიდენტთან „უცვლელად ნაყოფიერი“ თანამშრომლობის იმედი აქვს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ კაროლ ნავროცკის მიულოცა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პოლონეთი, რომელიც ეროვნული სულის ძალას და სამართლიანობის რწმენას ინარჩუნებს, იყო და არის რეგიონული და საერთო ევროპული უსაფრთხოების საყრდენი და ძლიერი ხმა, რომელიც იცავს თითოეული ერის თავისუფლებას და ღირსებას.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კონტინენტზე ერთმანეთის განმტკიცებით ევროპას მეტ ძალას აძლევენ და ხელს უწყობენ რეალური და ხანგრძლივი მშვიდობის მოახლოებას.

ზელენსკის პოლონეთთან და პირადად ამ ქვეყნის პრეზიდენტთან „უცვლელად ნაყოფიერი თანამშრომლობის“ იმედი აქვს.

პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 1 ივნისს ჩატარდა, ხმების 50,89%-ით გაიმარჯვა 42 წლის კონსერვატორმა, ევროსკეპტიკოსმა კაროლ ნავროცკიმ. მის კანდიდატურას მხარს უჭერდა ოპოზიციური მემარჯვენე-ნაციონალისტური, კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართალი“.

კაროლ ნავროცკიმ, რომელიც 2021 წლიდან პოლონეთის „ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტს“ ხელმძღვანელობდა, საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა მმართველი პარტიის, ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური ორიენტაციის ცენტრისტული „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი. მას მეორე ტურში ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 49,11%-მა.

ევროკავშირისა და ნატოს წევრი პოლონეთის პრეზიდენტად არჩეული კაროლ ნავროცკი კრიტიკულადაა განწყობილი ბრიუსელის პოლიტიკისადმი და ეწინააღმდეგება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულად მიღებას და ნატოში ამ ქვეყნის გაწევრებას. ნავროცკის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა მოსწონს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვლიდან კაროლ ნავროცკი რუსეთის მიერაა ძებნილი პოლონეთის ტერიტორიაზე წითელი არმიის მეომრების ძეგლების დემონტაჟის გამო.(„ვანდალიზმის აქტებთან“ კავშირისთვის).

ანალიტიკოსების შეფასებით, პოლონეთის პრეზიდენტად კაროლ ნავროცკის არჩევა გამოიწვევს არა მხოლოდ ევროკავშირში ურთიერთობების დაძაბვას, არამედ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებას პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ლიბერალურ მთავრობასა და კონსერვატორ პრეზიდენტს შორის.

პოლონეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეზღუდულია, თუმცა მას უფლება აქვს, კანონებს ვეტო დაადოს და ამ გზით შეაფერხოს მთავრობის მიერ სწორად მიჩნეული რეფორმები.

პოლონეთის მოქმედ პრეზიდენტს, კონსერვატორ ანჯეი დუდას, უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG