"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, 27 მაისს, მედიასთან საუბარში გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სახელით საქართველოს ხალხისადმი დამოუკიდებლობის დღის მისალოც ტექსტს და თქვა, რომ "ამ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით პირდაპირი უპირატესობა, დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა Deep State-ს". მისივე შეფასებით, "ადრესატის გარეშე მილოცვაში" ჩანდა აშშ-ის "აროგანტული დამოკიდებულება", რისი საფუძველიც, კობახიძის განმარტებით, არ არსებობს.
"ასევე არ შეიძლება მუდმივად საუბარი იმაზე, რომ რომ არა ამერიკული მხარდაჭერა, საქართველო არ იარსებებდა. სამი ათასი წელია არსებობს ჩვენი ქვეყანა, 23 საუკუნეა არსებობს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ამიტომ აროგანტობას არ აქვს არავითარი საფუძველი და კიდევ ერთხელ - Deep State მძლავრობს, ამას ვხედავთ. თუ Deep State-მა უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის", - თქვა კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.
კობახიძის თქმით, დარწმუნებულია, სწორედ "დიპ სტეიტის" გავლენით არ მიეცა შესაძლებლობა აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს, დასწრებოდა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
"ეს არის ბიუროკრატიაში ჩაბუდებული სისტემა, მიმდინარეობს ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება სწორედ Deep State-ის გავლენის გამო. განცხადებაზეც, რომელიც გავრცელდა, აშკარად იგრძნობა Deep State-ის გავლენა. ეს არის დღევანდელი რეალობა, ასეთ მილოცვას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს".
კობახიძის თქმით, უშუალო კორესპონდენციით მიიღეს შეტყობინება, რომ აშშ-ის ელჩი 26 მაისს თბილისში არ იმყოფებოდა, "შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოშიც არ იყო".
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იტოვებს "იმედს, რომ Deep State-ზე გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობა".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუბიო აღნიშნავს, რომ ოცდაათ წელზე მეტია, მეგობრობა და პარტნიორობა შენდებოდა დემოკრატიის საერთო ფასეულობების, სუვერენიტეტის და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საფუძველზე:
„ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას და ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია“.
სახელმწიფო მდივანი ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას პარტნიორობისადმი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სწრაფვას უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ.
2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
მანამდე, ე.წ. აგენტების კანონის და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.
„ქართული ოცნების" ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს.
კობახიძის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე“.
საჯარო წერილიც უპასუხოდ დარჩა.
კობახიძემ 21 მაისს თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“.
მან კიდევ ერთხელ უწოდა „მტრული აქტი“ წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებას.
6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act).
შეერთებულ შტატებმა წინა ადმინისტრაციის პირობებში სანქციები დაუწესა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებსა და ბოლოს - მილიარდერ ექსპრემიერს, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ფორუმი