ქართველმა მომღერალმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მიმდინარე კონცერტის დროს წარმოადგინა პერფორმანსი რუსეთის დროშის გამოყენებით, რაც რუსულმა მედიამ და Telegram-ის არხებმა „რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფად“ შეაფასეს.
„რუსი სამართალდამცველები შეფასებას მისცემენ საქართველოში რუსული სამფეროვანი დროით „შესრულებულ“ პერფორმანსს“, - დაწერა თავის Telegram არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
როგორც რუსული მედია წერს, ქართველმა მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლისას რუსეთის დროშა შეურაცხყო: „მომღერალმა ჯერ რუსული სამფეროვანი დროშა დააგდო იატაკზე, შემდეგ აიღო და ურნაში ჩადო. ამის შემდეგ კი, გეწაძემ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების (მოშარდვის) იმიტაცია მოახდინა“.
მარია ზახაროვას თქმით, დროშა დროშად დარჩება, „მიუხედავად იმისა, თუ როგორი ფსიქოპატი რანაირად მოეპყრობა მას“.
„როდესაც ღმერთმა კაცს ტვინი არ მისცა, მას სხვა ორგანოებით უწევს მუშაობა“, - დაწერა ზახაროვამ, რომელმაც ასევე გაიხსენა „რუსული დროშის ქვეშ მებრძოლი და მოღვაწე ღირსეული ქართველები“:
„თამარ დედოფლის ღირსეული შთამომავლები - წერეთლების სახელოვანი გვარისა და რუსეთის დროშის ქვეშ მებრძოლი პეტრე ბაგრატიონის დიდებული წარმომადგენლებიდან დაწყებული და დამთავრებული ნიკოლაი ცისკარიძით, რომელიც დონბასის რესპუბლიკებისთვის დახმარებას აგროვებდა - ეს ადამიანები, რომლებმაც თავიანთ პროფესიაში რეალურ სიმაღლეებს მიაღწიეს, ამ ფსკერისგან განსხვავებით, საკუთარ თავს რუსულ სამფეროვან დროშასთან აიგივებენ ჭეშმარიტად ქართული პატივითა და სიამაყით. და, რა თქმა უნდა, შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამ, სერჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად, აღმართა რაიხსტაგზე ჩვენი საერთო ქვეყნის დროშა, რომლის მემკვიდრეც რუსეთია.
რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფა ისჯება თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით, ან იმავე ვადის იძულებითი შრომით.
ინფორმაციის განახლება:
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იწყებს სისხლის სამართლის გამოძიებას თბილისში გამართულ კონცერტზე რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ინციდენტთან დაკავშირებით. როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობიდან ირკვევა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და გამოძიების ბრძანება გასცა უწყების ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა.
„გაიცა განკარგულება ჩატარდეს გამოძიება რუსეთის სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით <...> [მან ბრძანა] აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტთან დაკავშირებით, რათა დამნაშავეები კანონით დადგენილი წესით პასუხისგებაში მიეცეთ“, - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
ფორუმი