Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში დაიწყო უკრაინა-აშშ-თურქეთის მოლაპარაკება


სამხედროები სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენციასთან
სამხედროები სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენციასთან

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაიწყო მოლაპარაკებები, რომელთა მიზანია უკრაინაში ომის დასრულება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შეხვედრის დაწყებამდე გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ჩანან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი და საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ანდრიი სიბიჰა და რუსტემ უმეროვი დღეს სტამბოლში შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, კით კელოგს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონათან პაუელს და საფრანგეთის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერის მრჩევლებს, ემანუელ ბონეს და გიუნტერ ზაუტერს.

ერმაკმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრის მიზანი იყო უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების წინ პოზიციების კოორდინირება. ერმაკის თქმით, უკრაინის დელეგაცია სტამბოლშია, რათა მიაღწიოს ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტას.

უკრაინის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი 16 მაისს, სტამბოლში შეხვდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის მეთაურთა მრჩევლებს
უკრაინის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი 16 მაისს, სტამბოლში შეხვდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის მეთაურთა მრჩევლებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა მინისტრი არ არიან იმ დელეგაციაში, რომელმაც პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, სტამბოლში მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაში. კიევის დელეგაციის ხელმძღვანელია თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

მოსკოვის დელეგაციას პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს.

თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, სტამბოლში ადგილობრივი დროით თერთმეტი საათისთვის დაიწყო უკრაინის, თურქეთის და აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრა, ხოლო დღის პირველის ნახევრიდან დაგეგმილია თურქეთის, რუსეთის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა.

მოლაპარაკებების ადგილია თურქეთის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენცია დოლმაბაჰჩე.

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკება გუშინ, 15 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ შედგა.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვდა თურქეთში პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას. პუტინი თურქეთში არ ჩავიდა.

15 მაისს ზელენსკიმ ანკარაში გამართა მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ ერდოანთან და დღის ბოლოს თურქეთი დატოვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 15 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებების შედეგად არანაირ გარღვევას არ ელოდება და ამის ერთადერთ საშუალებად პრეზიდენტების, ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებას მიიჩნევს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG