Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტუგალიას მოუწოდებენ, არ მისცენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრების საშუალება


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, უკრაინის, ლატვიისა და ლიეტუვის დელეგაციების ხელმძღვანელები და წევრები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს და მოუწოდებენ, არ გასცეს ვიზები ან სხვაგვარად შეუშალოს ხელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაესწრონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიურ სესიას, რომელიც 29 ივნისიდან 3 ივლისამდე გაიმართება პორტუგალიაში.

წერილს ჰელსინკის კომისია ავრცელებს სოციალურ ქსელში. მისი ხელმომწერები მიიჩნევენ რომ, „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებისთვის ამ პრესტიჟულ სესიაზე დასწრების პრივილეგიის მინიჭება მათ რეპრესიულ მმართველობას ლეგიტიმაციას მიანიჭებს და მისცემს მათ დაუმსახურებელ პლატფორმას".

„ქართული ოცნების” ხელისუფლება სისტემურად ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში - არჩევნების ფართომასშტაბიან გაყალბებაში მონაწილეობით, მშვიდობიანი პროტესტების ძალადობრივად ჩახშობით და ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებით, რომლებიც მისი ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ გამოსვლას ბედავენ. მათი მოქმედებები წინააღმდეგობაშია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელთა მხარდაჭერასა და დაცვასაც პორტუგალია და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ესწრაფვიან“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც 25-ზე მეტი დეპუტატი აწერს ხელს.

"ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარის, ჯო ვილსონის თანაავტორობით მიწერილი წერილის კომენტირებისას, მედიასთან საუბარში "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თქვა, რომ ეს არის "ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა".

„რომ შეხედო ჯო ვილსონს, ისიც ძალიან წააგავს თავისი ნატურით ცეკას მდივანს. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომები, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას. ჩვენ სხვანაირ ევროპას ვიცნობდით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს. სხვანაირ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიცნობდით და არა ისეთს, როგორსაც განასახიერებს ჯო ვილსონი. იმედია, ეს ყველაფერი შეიცვლება და ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თვითონ აშშ-სა და ევროპისთვის, რომ ასეთი საბჭოური დამოკიდებულების ნაცვლად, დამკვიდრდეს ჯანსაღიდამოკიდებულებები,“- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მასალა განახლდა ირაკლი კობახიძის კომენტარით.

იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერებაზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისას, ქართველი დიპლომატები და თანამდებობის პირები ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის წარდგენის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლითა და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობით.

გადაწყვეტილება პასუხია დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე, ასევე „აგენტებისა“ და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონების მიღებაზე.

საქართველოში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს სავიზო სანქციები დაუწესა ჯერ ლიეტუვამ, შემდეგ კი - ესტონეთმა და ლატვიამ, ასევე - გერმანიამ. სანქციები დააწესეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG