წლიდან წლამდე ომის მონაწილეთა რიცხვი მცირდება. წელს იქ ფრონტზე ნამყოფ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შევხვდით.
"კიკვიძის ბაღში" წელსაც მივიდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვახტანგ ადამაშვილი - ის ასი წლისაა. ხელში სტალინის პორტრეტი უჭირავს. ფრონტზე 1942 წელს, 17 წლისა გაიწვიეს. ქერჩში იბრძოდა.
ვლადიმერ ტაბაღუა ომის მონაწილე არ არის. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, რვა წლის ბიჭი იყო. მისი სოფლიდან ფრონტზე 32 კაცი გაიწვიეს. მათ შორის, მისი მამა მამა, უფროსი ძმა, ბიძა და სხვა ახლო ნათესავები. იხსენებს, სოფელში მხოლოდ მოხუცები, ქალები და ბავშვები დარჩნენო:
„მახსოვს, რომ ყველანი ომით ვცხოვრობდით. პატარა კი ვიყავი, მაგრამ ფრონტისთვის ტანსაცმელს და სურსათს რომ აგროვებდნენ, მეც თან დავყვებოდი და როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი“.
ალექსანდრე კელდიკოვი 99 წლისაა. ომის დროს ყირიმში იყო მძღოლად, დივიზიას ამარაგებდა საკვებით.
არსენა აფხაზიშვილი საქართველოს დაცვაში იყო - 100 წლისაა. მისი პოლკი სურამში იდგა. მაშინ 17 წლისა იყო. გვიყვება, რომ სნაიპერთა ექვსთვიანი სკოლა დაასრულა, რის შემდეგაც ქართულ დივიზიაში მოხვდა.
"სულ მზად ვიყავით, რომ ფრონტზე გადაგვისროდნენო".
ლუიზა შმუნიაკი ომის დროს ათი წლის გოგო იყო - ფრონტზე არა, მაგრამ ზურგში დარჩენილებს ეხმარებოდა. ახლა ის 94 წლისაა და ნაციზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ისიც სხვებთან ერთად შეხვდა.
რაც დრო გადის, 9 მაისს სულ უფრო მეტი შვილი მიდის პარკში - ომის მონაწილე, უკვე გარდაცვლილი მშობლების ფოტოებით. ამ ქალს დედის, ნადეჟდა დავიდოვას სურათი უჭირავს.
ლიანა კუციას კი, დედის, მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთი მონაწილე ქალის, აგრაფინა თავართქილაძის ფოტო უკავია.
რადიო თავისუფლების არქივში იძებნება 2012 წლის 9 მაისის სტატია, რომლის ერთ-ერთი რესპონდენტი თავად 89 წლის აგრაფინაა - იგი ყვავილებით ხელში იდგა უცნობი ჯარისკაცის საფლავის სიახლოვეს. მაშინ მან გვითხრა, რომ 9 მაისი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო. ომში 18 წლისა წასულა და უკრაინაში ოთხი წლის განმავლობაში იბრძოდა.
ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე საქართველოდან დაახლოებით 700 000 ადამიანი წავიდა და მათგან მხოლოდ ნახევარი დაბრუნდა სამშობლოში.
9 მაისს „კიკვიძის პარკში“ ტრადიციულად მივიდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც, რომლებმაც ნაციზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.
„ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და რა თქმა უნდა, ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად, აღინიშნება ეს დღე. მინდა, ყველა ვეტერანს მივულოცო ეს დღე“, - თქვა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
წლების განმავლობაში, 9 მაისი ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღინიშნებოდა ხოლმე.
რაც შეეხება თავად თარიღს, მსოფლიო ნაციზმზე გამარჯვების იუბილეს 8 მაისს აღნიშნავს, ხოლო 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - 9 მაისს.
გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე, შეწყდა ოფიციალურად. ამ დროს მოსკოვში, ისევე როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში, 9 მაისის 01:01 საათი იდგა. 9 მაისს გამთენიისას გადმოსცა რადიომ თბილისშიც, რომ ომი დამთავრდა.
ქართველი პოლიტიკოსების და სამოქალაქო სექტორის ნაწილი დიდი ხანია მოითხოვს ნაციზმსა და ფაშიზმზე გამარჯვების დღედ საქართველოში 8 მაისი გამოცხადდეს. 2023 წელს პარლამენტს ასეთი საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართეს, თუმცა მაშინ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის ინიციირებული კანონპროექტი ჩავარდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში დარჩენილი იყო მეორე მსოფლიო ომის 81 ვეტერანი.