დღეს ლონდონში აღარ გაიმართება უკრაინის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა. მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და ევროპის სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს.
მინისტრების დონეზე შეხვედრის გადადება მედიასაშუალებებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს მიზეზის დაკონკრეტების გარეშე. სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ლონდონში შეხვედრა გაიმართება შედარებით დაბალი რანგის ოფიციალური პირების მონაწილეობით.
ლონდონში იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი და საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ანდრიი სიბიჰა და რუსტემ უმეროვი. „ყველაფრის მიუხედავად, მშვიდობისთვის ვიმუშავებთ", - დაწერა ერმაკმა ტელეგრამ-არხის ოფიციალურ გვერდზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 17-18 აპრილს პარიზში შეხვდა უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს. შემდეგი შეხვედრა ლონდონში დაიგეგმა.
22 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მარკო რუბიო ლონდონში არ გაემგზავრება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტამი ბრიუსმა ეს იმით ახსნა, რომ რუბიოს აქვს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, თავდაპირველი გეგმები ყოველთვის პირობითია და იცვლება ხოლმე. ბრიუსის ინფორმაციით, ლონდონში ამერიკულ მხარეს წარმოადგენს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი.
22 აპრილს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლამისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლამიმ საუბარს პროდუქტიული უწოდა და სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი შეერთებულ შტატებთან, უკრაინასა და ევროპასთან ერთად მუშაობს მშვიდობის დასამყარებლად და პუტინის უკანონო შეჭრის შესაწყვეტად, მოლაპარაკებები გრძელდება და ოფიციალური პირები 23 აპრილს ლონდონში შეხვდებიან.
დევიდ ლამისთან საუბარს პროდუქტიული უწოდა მარკო რუბიომაც. მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ბრიტანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ამერიკული დელეგაციის მიღებისთვის, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის ხელმძღვანელობით და გუნდი მოელის უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებთან კარგ „ტექნიკურ შეხვედრას“. რუბიოს თანახმად, ლონდონში მისი ვიზიტი უახლოესი თვეებისთვის გადაიდო.
პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ Bloomberg-ი და CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ ამერიკელებმა უკრაინელებს და ევროპელებს წარუდგინეს უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ეხება რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმზე მოსკოვის კონტროლის აღიარებას.
გამოცემა The Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინამ აშშ-ის ამ და სხვა წინადადებებს, მათ შორის ნატოს წევრობაზე უარს, პასუხი უნდა გასცეს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე.
პარიზში გამართული შეხვედრების შემდეგ, 18 აპრილს მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს სურს სწრაფად გაარკვიოს, რამდენად რეალურია უახლოეს ხანში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რადგან თუ ეს შესაძლებელია, მონაწილეობას გააგრძელებენ და თუ არა - აქვთ სხვა პრიორიტეტებიც, რომლებზეც კონცენტრაციაა საჭირო.
ამერიკული გამოცემა Axios-ის წყაროთა ინფორმაციით, უკრაინას ლონდონში დღევანდელ შეხვედრაზე სურს საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტის საკითხის განხილვა და არა - ტრამპის სამშვიდობო გეგმის პროექტის, რომელიც ითვალისწინებს ყირიმის რუსეთის ნაწილად გამოცხადებას და რუსეთის კონტროლის არაოფიციალურად აღიარებას უკრაინის თითქმის ყველა იმ ტერიტორიაზე, რომლებიც ოკუპირებული აქვს 2022 წლის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ამასთან, გამოცემის წყაროთა თანახმად, ერთგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გასულ კვირაში პარიზში წარუდგინა, აღწერილია, როგორც პრეზიდენტ ტრამპის ბოლო წინადადება.
კიევში 22 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპაციის აღიარებას არ აპირებენ და განაცხადა, რომ ყირიმის შესახებ იდეა „არ არის უკრაინისადმი ოფიციალური წინადადება“. ზელენსკის თქმით, „ძალიან არ სურთ“ პროცესიდან აშშ-ის გასვლა, რადგან ეს კარგი სიგნალი არ იქნება.
ფორუმი