გიორგი დავითური, IDFI-ის იურისტი დააკავეს 2 დეკემბერს გამთენიას რესპუბლიკის მოედნის მიმდენარე ტერიტორიაზე იმ დროს, როცა აქციის მონაწილეები პოლიციამ ალყაში მოაქცია.
დავითურის თქმით, მან ამ დრომდე არ იცის რას ედავებიან, არ უნახავს და გაცნობია დაკავების ოქმს. "ამ დრომდე არ ვიცი, რა დავაშავე. საშუალოდ მაინც ვიცი სამართალი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და არაფერი დამიშავებია. დაკავების დროს სპეცრაზმმა დამარტყა სახის მარჯვენა მხარეში, გადაადგილების მომენტში იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის რამდენიმე ეპიზოდი და პოლიციის მანქანაში ჩასმამდე იყო ჩემს მიმართ კიდევ ერთი დარტყმა". მის საქმეს მოსამართლე ლელა მილდენბერგერი განიხილავს.
"აბსოლუტურად მიუღებელია თუ ძალადობას ჰქონდა ადგილი, არაპროპორციულ ძალადობას, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ახლა ამას არ განვიხილავთ, ამიტომ რატომ გჭირდებათ ეს ჩანაწერები", - იკითხა მოსამართლემ, ლელა მილდენბერგერმა მას შემდეგ, რაც გიორგი დავითურის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა საქმის გადადებაზე, მოტივით, რომ მათ გამოითხოვეს 112-დან გარე განათების კამერებისა და სამხრე კამერების ჩანაწერები იმ პერიოდის, როცა დავითური დააკავეს.
დავითური ამბობს, რომ ამ ჩანაწერებში გამოჩნდება, რომ მისი დაკავების საფუძველი არ არსებობდა.
მოსამართლე: "მოთხოვნა გაქვთ რუსთაველის ქუჩა და გრიბოედოვის ქუჩაზე სრულად გარე განათების ბოძების კამერები... რამდენი კილომეტრია რუსთაველი? როგორ წარმოგიდგენიათ ამ მოცულობის მასალის მოპოვება"
ადვოკატი: დართული გვაქვს ფოტოები, სად გაგიზიაროთ?
მოსამართლე: მე რა უნდა გამიზიაროთ?... გაურკვეველ ადგილებზე გაქვს კამერების მოთხოვნა. რა იგულისხმეთ და რა წარადგინეთ მე ხო არ ვიცი, მე განცხადებას ვკითხულობ.
ადვოკატი: მითითებულია დაკავების ადგილი და ასევე ფოტოები, დავურთეთ იმ განათების ბოძების, რომელიც გვჭირდება.
გიორგი დავითური: შსს-სგან პასუხი არ მიგვიღია. დაველოდოთ შსს-ს, გაგვცეს შსს-მ პასუხი, ვვარაუდობ, რომ იტყვის, ვერ მოგცემთო, მაგრამ დაველოდოთ მათ პასუხს. გვითხრას გონივრული დრო, როდის გაგვცემს პასუხს და გადავდოთ სხდომა იმ ვადით.
მოსამართლე: ხო შეიძლება ასე დაგეწერათ? გრიბოედოვის პირველი ნომრიდან სამამდე, რა გაქვთ დართული და რამდენი ბოძია, არ ვიცი, აქ არ წერია. დაკავების დრო 6 წუთია და მთელ რუსთაველს რატომ ითხოვთ?
გიორგი დავითური: მთელ რუსთაველს არ ვითხოვთ...
მოსამართლე: შესაძლებელია ხუთი დღეც არ ეყოს ან ხვალვე გადმოგვცეს, მაგრამ თქვენ რაც მოითხოვეთ აღწერილობითში ის ექვსი წუთია და მოთხოვნა განვრცობითია. თქვენი მოსაზრებით თან არ გადმოგცემენ და მაინც გინდათ საქმის გადადება? ესაა თქვენი პოზიცია?
შსს-ს წარმომადგენელი: 24 საათიანი დაკავების ვადა იმიტომ გახანგრძლივდა, რომ მტკიცებულებები მოგვეპოვებინა. მხარეც ითხოვს გადადებას ამ მოტივით, ჩვენ რადგან არ გვაქვს ვიდეომტკიცებულებები ეს ნიშნავს, რომ ვიდეომტკიცებულებები არ არსებობს, ვერ მოვიპოვეთ, მათ შორის სამხრე კამერები და გარე განათების ბოძების კამერები. ამიტომ არ ვეთანხმებით შუამდგომლობას.
მოსამართლემ საქმის გადადებაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გიორგი დავითურის პროცესი 10 დეკემბერს ჩატარდება.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავს აქციაზე დაკავებული რევაზ ხაბელაშვილის საქმეს, რომელსაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ფორუმი