Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

21:13 2.12.2024

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. მათი ნაწილი კლინიკებშია გადაყვანილი.

როგორც იურისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია წერია, დაკავებულებს მთელს სხეულზე აქვთ სისხლჩაქცევები, დაზიანებები აქვთ სახის არეში - ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით, ასევე, კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი.

ისინი დაკავებულების მონათხრობზე დაყრდნობით, მათი ცემის ეპიზოდებსა და პოლიციელთა ქცევას ასე აღწერენ:

"დაკავებულების თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავების დროს, ასევე - დაკავების შემდეგ პერიოდში. მათ მიკროავტობუსში უმოწყალოდ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდა. ძალადობის პროცესში სამართალდამცავები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ისინი ერთმანეთს უთანხმდებოდნენ, დაკავებულებისთვის ხელი ან ფეხი რომ მოეტეხათ. მათ ზემდგომი პირი მიუთითებდა, რომ ჩაერტყათ ღვიძლის და კეფის არეში. ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: “ტრაკში გაგთხრით დუბინკას”, „მოწონდათ გვარამია და ხაზარაძე?”, “შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტ-ში ტ***რი, გაგიკეთებთ დუბინკას უკან”.

ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა. ამ პროცესში ერთ-ერთ ნაცემ ადამიანს საწვიმარი სისხლით გაევსო. წამებას ზედამხედველობას უწევდა შედარებით ასაკიანი მამაკაცი, რომელიც აკონტროლებდა, ცემისას ვინმე არ მომკვდარიყო. მიკროავტობუსიდან გადმოსულებს, სანამ საპატრულო პოლიციის მანქანამდე მიიყვანდნენ, ატარებდნენ სპეცრაზმის კორიდორში, სათითაოდ ურტყამდნენ სახისა და ზურგის არეში წიხლებს.

სპეცრაზმელები დაკავებულებს ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი ფეხშიშველი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. სპეცრაზმელები დაკავებულებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევდნენ და სთხოვდნენ კოდის მოხსნას".

20:40 2.12.2024

სალომე ზანდუკელი, თავის მეგობარ ნათია არაბულთან ერთად, სპეცრაზმმა 1-2 დეკემბრის ღამით ბესიკის ქუჩაზე სცემა - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი აქ:

20:28 2.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აფრთხილებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომ "კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს" გაატარებს, თუკი ისინი არ შეწყვეტენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა 19:00 საათიდან დაიწყეს შეკრება. მალევე, შენობის ეზოში გამაგრებულმა სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. ამით, ისინი დემონსტრანტებს შენობასთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

20:05 2.12.2024

„ყველაფერი გასაგებია“, - ამ ორი სიტყვით ეხმაურება შეერთებული შტატების საელჩო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ურთიერთობების შეჩერებაზე.

საელჩომ გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის ის სიტყვები, რომლებიც მან 28 ნოემბერს წარმოთქვა ბრიფინგზე:

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“.

პირველ დეკემბერს ირაკლი კობახიძემ BBC-ის ჟურნალისტის, სტივ როზენბერგის კითხვაზე პასუხად განაცხადა: „ჩვენ არაფერი არ შეგვიჩერებია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს უბრალოდ ტყუილია“.

30 ნოემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სათაურით - „საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე“.

ეს მოჰყვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ დაძაბულობას რამდენიმე თვის განმავლობაში და გაუარესებულ ურთიერთობებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG