Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნერგეეთში მეწყერმა დასახლებამდე 30-40 წამში მიაღწია - კიდევ რა წერია გეოლოგების დასკვნაში


2024 წლის თებერვალი, სოფელი ნერგეეთი
2024 წლის თებერვალი, სოფელი ნერგეეთი

სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს განვითარებული მეწყრული პროცესები კლიმატური ცვლილებების შედეგია. სამ დღეში მოვიდა იმ მოცულობის ნალექი, რაც 15 დღეში იყო მოსალოდნელი. ამის შესახებ წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მომზადებული დასკვნაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.

ნერგეეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხანისწყლის ხეობაშია გაშენებული. მიწის მასა 3-დღიანი წვიმის შემდეგ მოწყდა სოფლის ჩრდილოეთ ნაწილიდან, სადაც ფერდობის დახრილობა 40-დან 60 გრადუსამდე იცვლება. იმ დღეს მეწყერმა ოთხი სახლი გაანადგურა და ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სოფელი ნერგეეთი: ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა
სოფელი ნერგეეთი: ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა

7 თებერვალს ასევე დაზიანდა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზისა და წყლის მილსადენები. მიწის ჩამოწოლილი მასა საშიშროებას დღემდე უქმნის შვიდ ოჯახს.

სოფელი ნერგეეთი: ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა.
სოფელი ნერგეეთი: ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა.

გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ძლიერ ნალექთან ერთად, კლდეზვავური მეწყრის გააქტიურების ხელშემწყობი ფაქტორი რამდენიმე გარემოება აღმოჩნდა:

  • ძლიერად გამოფიტული ფერდობი;
  • ძლიერმა ნალექმა დაამძიმა ქანები და წყალგაუმტარ სივრცეში გადაიტანა.

მიწის მოწყვეტის არეალიდან საცხოვრებელ სახლებამდე მანძილი 270-280 მეტრია. პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ, სავარაუდოდ, 30-40 წამში მიაღწია. მოწყვეტილია, სავარაუდოდ, 150-160 ათასი კუბური მეტრი მიწის მასა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდა, რომ ნერგეეთში მეწყერი იყო მოსალოდნელი. თუმცა სააგენტოს ახალ გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ იქ, სადაც 7 თებერვალს მიწა მოწყდა, საფრთხეები არ შეფასებულა.

იმის გამო, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ჩამოწოლილი მიწის გატანა და ჩამოშლილი ფერდობის ფორმირება, გარემოს ეროვნული სააგენტო ხელშეკრულების დაჩქარებულ ვადებში დასადებად შესყიდვების სააგენტო სთხოვს თანხმობას. ერთთვიანი სამუშაოების ჩასატარებლად ჯამში მილიონი ლარია გამოყოფილი.

XS
SM
MD
LG