Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 400 ათასი საკონტრაქტო მოსამსახურის გაწვევას გეგმავს


ფოტო არქივიდან, ლუგანსკის ოლქში დაღუპული რუსი სამხედროს ცხედარი
ფოტო არქივიდან, ლუგანსკის ოლქში დაღუპული რუსი სამხედროს ცხედარი

რუსეთში 1 აპრილიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევა იწყება. თავდაცვის სამინისტრომ რეგიონებში წვევამდელთა საჭირო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უკვე გაგზავნა. მალევე რამდენიმე რეგიონულ მედიაში გამოჩნდა ცნობა საკონტრაქტო სამსახურში საჭირო სამხედრო კონტინგენტის რაოდენობაზე. საუბარია თავდაცვის ძალების 400 ათასი სამხედროთი შევსების საჭიროებაზე.

გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი რეგიონების გუბერნატორები იქნებიან. თავდაცვის სამინისტროს გეგმით, ჩელიაბინსკისა და სვერდლოვსკის ოლქებში პროფესიულ სამხედრო სამსახურში უნდა ჩაირიცხოს 10 ათასი ადამიანი.

იუწყებიან, რომ სამშაბათს ვორონეჟის ოლქში სამხედრო კომისარიატებში კვლავ დაიწყეს უწყებების დარიგება, როგორც ეს ხდებოდა გასული წლის სექტემბერში, როდესაც პუტინმა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ეს "მხოლოდ სამხედრო ჩანაწერების განახლებისთვის" კეთდება.

გამოცემა Вёрстка წერს, რომ სამხედრო კომისარიატები ცდილობენ, რუსული არმიის დანაკარგები აანაზღაურონ. ყველაზე დეფიციტურია ჯავშანტექნიკის მძღოლები და არტილერისტები. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მანამდეც და ახლაც უარყო მობილიზაციის მეორე ტალღის გეგმის არსებობა. „კრემლში ასეთი დისკუსიები არ მიმდინარეობს“, - განაცხადა პესკოვმა.

გასული წლის ბოლოდან მედიაში პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღის დაწყების შესახებ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გასაგრძელებლად ადამიანური ძალის ნაკლებობის გამო. ამ შესაძლებლობის შესახებ განაცხადეს დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა და უკრაინის ხელისუფლებამ. კრემლი ამგვარი გეგმის არსებობას უარყოფს.

ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის სექტემბერში გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში სამხედრო სამსახურში 330 000-ზე მეტი რეზერვში მყოფი ადამიანი გაიწვიეს. ოქტომბრის ბოლოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა. პროექტი დასრულებულად გამოაცხადა ვლადიმირ პუტინმაც, მაგრამ შესაბამისი განკარგულებისთვის ხელი არ მოუწერია. ოფიციალურად რუსეთში მობილიზაცია გრძელდება.

იანვარში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში რუსული ჯარის რაოდენობა მილიონ-ნახევრამდე უნდა გაიზარდოს. ვარაუდობენ, რომ მათი თითქმის ნახევარი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე იქნება. ამავდროულად, სახელმწიფო დუმას წარედგინა კანონპროექტი ჯარში სამსახურის ასაკობრივი ზღვრის 27-დან 30 წლამდე გაზრდის შესახებ.

XS
SM
MD
LG