რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა თბილისში ისვენებს. ის არ მალავს, რომ მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების უნებართოდ სტუმრობდა. ინფორმაცია პირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“გაავრცელა.
ბოროდინას თქმით, საქართველოს საზღვრის კვეთისას მისთვის შეკითხვები არ დაუსვამთ და მეტიც „გულითადად შეხვდნენ“. მისი სიტყვებით საქართველოში მოქმედი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის შესახებ არ სმენია.
"არა, არანაირი კითხვები [საზღვარზე], მშვიდად შემოვედი, ძალიან გულითადად შეგვხვდნენ, ძალიან სასიამოვნოდ. როდესაც გავაჟღერე [რუსეთში], რომ აქ მოვდიოდი, მითხრეს, რომ შეიძლება ყოფილიყო რაღაც პრობლემები, თუმცა არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ყველაფერი კარგადაა. დიახ, ვიყავი აფხაზეთში, დავარღვიე [კანონი]? რატომ? მე არ ვიცი ამის შესახებ. ახლოს ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი და წავედით აფხაზეთში. საზღვარზე ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამთ. აფხაზეთში გავლით ვიყავი", - უთხრა „ფორმულას“ ბოროდინამ.
ბოროდონას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აქვს აფხაზეთში სტუმრობის დამადასტირებელი ფოტო და ვიდეომასალაც.
როგორ შემოვიდა კანონის გვერდის ავლით საქართველოში რუსეთის მოქალაქე, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, შესაბამისი კითხვით რადიო თავისუფლება შსს-ს დაუკავშირდა, საიდანაც პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში მიღებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის უფლება აქვთ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების გავლით, სხვა შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა ან პატიმრობა 2-დან 4 წლამდე ვადით.
არასამთავრობო ორგანიზაციის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის" (IDFI) მიერ შსს-დან გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად 2009-2016 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სულ 363 შემთხვევაში დაირღვა. სტატისტიკა მიანიშნებს, რომ რეგისტრირებული დარღვევების რაოდენობა მცირდება (2009 წელს 78 შემთხვევა იყო, ხოლო 2016 წელს მხოლოდ 19). რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, სამინისტროს მიერ 8 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია მხოლოდ 4 დანაშაული. უფრო ახალი მონაცემები ღია წყაროებში არ იძებნება.