Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამინისტრო: ყალბია SMS შეტყობინება, თითქოს იგეგმება ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება


მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება, - იტყობინება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობა.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ მოქალაქეებისთვის გაგზავნილ გამაფრთხილებელ შეტყობინებას, მასში ნათქვამია, რომ ტექსტში აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები წერია.

„დაიცავით პირადი ჰიგიენა; აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან; განსაკუთრებული სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია; საჭიროების შემთხვევაში დაიცავით თვითიზოლაციის წესები; მაღალი ტემპერატურისა და ხველების დროს მიმართეთ ექიმს", - ვკითხულობთ SMS-ში.

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გამო ყოველდღიურად ამკაცრებს ქვეყანაში არსებულ წესებს. რამდენიმე საათში საქართველოს საზღვრები ჩაიკეტება ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 1008 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

XS
SM
MD
LG