Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სადაზვერვო სატელიტი გაანადგურა


პენტაგონი ადასტურებს, რომ განახორციელა ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებდა ამერიკული სადაზვერვო სატელიტის განადგურებას.

ეს, დაახლოებით ავტობუსის ზომის სატელიტი წყნარი ოკეანის მიმართულებით მოძრაობდა და დაბინძურების მწვავე საფრთხეს უქმნიდა გარემოს.

პენტაგონი იუწყება, რომ სატელიტს ესროლეს ინტერცეპტორი რაკეტა, რის შემდეგაც დრო სჭირდება იმის შემოწმებას, მართლაც განადგურდა თუ არა თანამგზავრზე დამონტაჟებული ტოქსიკური საწვავის ავზი. სწორედ ამ ტოქსიკური საწვავის, ჰიდრაზინის განადგურება იყო ოპერაციის მთავარი მიზანი.

აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლის, გენერალ ჯეიმს კარტრაიტის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე ყველა მაჩვენებელი მიუთითებს ოპერაციის სრულ წარმატებაზე. გენერლის განმარტებით, რაკეტა თანამგზავრის საწვავის ავზს მოხვდა და ახლა ექსპერტები სატელიტის ნამსხვრევების მოძრაობას აკვირდებიან. [კარტრაიტის ხმა] “ნამსხვრევებმა უკვე დაიწყეს ატმოსფეროში შემოღწევა, ამჟამად მათ თვალს ვადევნებთ სივრცეში ატლანტისა და წყნარი ოკეანეების თავზე, და მათ დავაკვირდებით მომდევნო 24-48 საათამდე პერიოდში”.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამერიკელი გენერლის ამ განმარტებითაც ჩანს, ჯერ დაბეჯითებით არ არის ცნობილი, წარმატებული იყო თუ არა ოპერაცია, სატელიტის განადგურება უკვე აღიარეს ამერიკული ტექნოლოგიის შთამბეჭდავ გამოხატულებად: შუაგული წყნარი ოკეანიდან, სამხედრო ხომალდიდან ნასროლმა ერთადერთმა რაკეტამ - "ეგისის" ტიპის გადამტაცმა - შეაჩერა ჯერ კიდევ ატმოსფეროს მიღმა, კოსმოსში მოძრავი თანამგზავრი, რომელიც ოკეანის ზედაპირიდან 247 კილომეტრით იყო დაცილებული.

მაგრამ სატელიტის განადგურებას მწვავე კრიტიკაც ახლავს - მაგალითად პეკინიდან. [ძიანჩაოს ხმა] “ჩინეთი კვლავაც გულდასმით აკვირდება, მიაყენა თუ არა შეერთებული შტატების ამ მოქმედებამ ზარალი უსაფრთხოებას კოსმოსურ სივრცეში და ზარალი სხვა ქვეყნებს. მოვითხოვთ, რომ შეერთებულმა შტატებმა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და საერთაშორისო თანამეგობრობას მოკლე დროში შეგვატყობინოს საჭირო მონაცემები და ინფორმაცია, რათა ქვეყნებმა, რომელთაც ეს ინფორმაცია ეხება, პრევენციულ ზომებს მიმართონ.” ეს განცხადება დღეს გააკეთა ჩინეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა ლიუ ძიანჩაომ. მანამდე ჩინეთმა, რუსეთის მსგავსად, აშშ იმაში დაადანაშაულა, თითქოს სატელიტის ჩამოგდების ოპერაციით იგი ნიღბავდეს თავის ნამდვილ მიზანს - ანტისარაკეტო თავდაცვის ტექნიკის გამოცდას.

შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის ამ ბრალდებას გარკვეული კომიკური ელფერი დაჰკრავს - თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ახლახან თვით პეკინმა გამოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობის უკმაყოფილება, როცა გასულ თვეში თავისი ერთ-ერთი სატელიტი ჩამოაგდო. მაშინ ეს ბევრმა ანტისატელიტური რაკეტის გამოცდად მიიჩნია.

ადმირალმა ტიმოთი კიტინგმა, რომელიც აშშ-ის წყნარი ოკეანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალია, აღიარა მსგავსება ჩინელებისა და ამერიკელების ანტისატელიტურ ოპერაციებში. თუმცა, ადმირალმა არსებით სხვაობაზეც მიუთითა: ჩინეთისაგან განსხვავებით, შეერთებულმა შტატებმა წინასწარვე გაავრცელა ინფორმაცია დაგეგმილი ოპერაციის შესახებ.
XS
SM
MD
LG