Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საკითხებში აშშ-ისა და რუსეთის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ცდილობენ, დაძაბულობა განმუხტონ


მრჩეველი აშშ-ის ეროვნული უშიშროების საკითხებში, სტივენ ჰედლი დღეს მოსკოვში შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იგორ ივანოვს.

ამ მოლაპარაკების ფონია მოსკოვის მკაცრი კრიტიკა ვაშინგტონის გეგმისადმი, ანტისარაკეტო სისტემა განათავსოს ცენტრალურ ევროპაში.

მოსკოვში სტივენ ჰედლის ვიზიტის მიზნად მიჩნეულია მცდელობა, შერბილდეს დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში. მართლაც, სტივენ ჰედლის, ისევე როგორც იგორ ივანოვის განცხადებები შემრიგებლური ტონით გამოირჩეოდა - ეს კი კონტრასტს ქმნის მწვავე კრიტიკასთან, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ბოლო კვირაში მართლაც არ იშურებენ ვაშინგტონი და მოსკოვი.

მომღიმარმა ჰედლიმ დღეს გამოთქვა აშშ-ის სურვილი, დიალოგის მეშვეობით დაძლიოს დაპირისპირებები რუსეთთან. ივანოვმა შეაქო ამერიკელ კონგრესმენ ტომ ლანტოსის მოწოდება, გაუქმდეს ე.წ. ჯეკსონ-ვანიკის დამატება - აშშ-ში ჯერ კიდევ 1974 წელს შემოღებული ზომა, რომელიც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას ზღუდავს.

იგორ ივანოვმა როგორც აღნიშნა, მოსკოვს სურს, გვერდზე მოიტოვოს აშშ-თან დაპირისპირება, თუმცა, დასძინა მან, ორმხრივ ურთიერთობას კაცი “უღრუბლოს” ვერ უწოდებსო.

ეს მართლაც ასეა: ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობა საგრძნობლად დაძაბა აშშ-ის მიერ გასულ თვეში წარმოდგენილმა გეგმამ, რომელიც პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას ითვალისწინებს. რუსეთს უკმაყოფილება, რბილად რომ ვთქვათ, არ დაუმალავს - პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა ორიოდე კვირის წინ, მიუნხენში, უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილ წარმომადგენლობით კონფერენციაზე, პუტინის მიერ აშშ-ის მისამართით გამოთქმულ ყველაზე უფრო მკაცრ, ღია კრიტიკადაა მიჩნეული. მასზე მიუნხენში პუტინის გამოსვლის დღესვე, 10 თებერვალს ვიუწყებოდით.

რაც შეეხება ისევ დღევანდელ შეხვედრას ეროვნული უშიშროების საკითხებში რუსეთისა და აშშ-ის წამყვანი ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილებით, მან დახურულ კარს მიღმა ჩაიარა, ამდენად ცნობილია ის, რომ მოსალოდნელი იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ბირთვული ენერგიისა და ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებზე მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG