Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტი: არ იქნება კონსტიტუცია, არ იქნება გაფართოება?


ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ჩვენს წინა გადაცემაში უკვე მოგვიწია საუბარი - შევეხეთ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას

და მის მიმართებას ევროკავშირის კონსტიტუციასთან. ისიც ითქვა, რომ სავარაუდოდ გაისად ბულგარეთის და რუმინეთის მიღების შემდეგ ევროკავშირი რამდენიმე წლით შეაჩერებს გაფართოების პროცესს. საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხისადმი პრაგმატულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს: პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მიმდინარე კვირაში, სწორედ ბრიუსელში ვიზიტისას, განაცხადა, რომ მოცემულ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებს ევროკავშირში გაწევრიანების რაიმე თარიღის დასახელებისაგან და მთელი გულისყური მიმართული აქვს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისაკენ, რომელზე მუშაობაც მალე დასრულდება. მაგრამ დავუბრუნდეთ ევროკავშირის სამიტს.

ბრიუსელში სამიტზე არა მარტო გაფართოების პერსპექტივაზე იმსჯელეს. იქ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ 2008 წლისთვის გადაწყდეს, რა ბედი ელის კონსტიტუციას. მისი ბედი კი გაურკვეველია მას შემდეგ, რაც შარშან უარყვეს ევროკავშირის ორ ქვეყანაში - საფრანგეთსა და ჰოლანდიაში გამართულ რეფერენდუმებზე. სამიტის ბოლოს ხელმოწერილ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ 2007 წლისთვის უნდა მომზადდეს ანგარიში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ გამოთქვამს რწმენას, რომ ევროკავშირმა მანამდეც, ანუ კონსტიტუციის ბედის გარკვევამდეც, უნდა განაგრძოს ინტეგრაციის პროცესი და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მუშაობის კოორდინაციისაკენ იუსტიციის სფეროში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, მოუწოდებს მათ ერთობლივი დიპლომატიური კორპუსის ჩამოყალიბებისაკენ.
[ბაროზუს ხმა] “ევროპა არ არის პარალიზებული. ევროპა წინ მიიწევს და არ ვაპირებთ ამ მოძრაობის ახლა შეჩერებას. პირიქით: საკითხის საბოლოო ინსტიტუციურ გადაწყვეტამდე ვაგრძელებთ ჩვენეული პროექტებისა და შედეგების ევროპაზე მუშაობას”. ბაროზუ ევროკავშირის წევრებს მოუწოდებს, ბრუსელს დაუთმონ მეტი უფლებამოსილებh, მაგალითად, საიმიგრაციო პოლიტიკის გასაკონტროლებლად. მართალია, ბევრი ქვეყანა ამის წინააღმდეგია, მაგრამ ისინიც აღიარებენ, რომ მიგრაცია და შიდა უსაფრთხოებაა უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომლის წინაშეც ევროკავშირი ახლა დგას. ყოველ წელს, ათიათასობით არალეგალური იმიგრანტი ცდილობს ევროკავშირში შეღწევას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში დასახლებული უცხოელების სათვისტომოები კი არც თუ იშვიაითად არიან დაძაბულობის წყარო.

ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე ქვეყნის, ავსტრიის კანცლერმა ვოლფგანგ შიუსელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია იმიგრანტების უკეთ ინტეგრაციაზე ზრუნვა: [ბაროზუს ხმა] “ვფიქრობ, მივაღწიეთ კონსენსუსს, რომ დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმიგრანტების მიერ ევროპული ენების სწავლას, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფასეულობების აღიარებას - იქნება ეს შემწყნარებლობა, ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები, თუ კანონის უზენაესობა. ამ საკითხებში კომპრომისი დაუშვებელია, ისინი შეადგენენ ევროპის არსს”.

სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, ბრიუსელში, სამიტზე რომ განიხილეს ახლო აღომასლვეთის კონფლიქტს უკავშირდება: ევროკავშირის ლიდერებმა დაამტკიცეს პალესტინელებისთვის განკუთვნილი დახმარება - 100 მლნ ევრო. ფული განაწილდება ისე, რომ არ გაივლის მმართველი “ჰამასის” ხელში, რახან ის კვლავინდებურად არ ამბობს უარს ძალადობაზე და არ აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს.

ბოლოს კი ისევ ევროკავშირის გაფართოების საკითხს დავუბრუნდები: რამდენიმე ქვეყანა, პირველ რიგში საფრანგეთი მოითხოვს, რომ ხანგრძლივი პერიოდით შეჩერდეს ევროკავშირში ახალი წევრების მიღება. ის კი არა, საფრანგეთში ბევრი შეცდომად მიიჩნევს გაფართოების წინა, 2004 წლის ტალღასაც, როცა ევროკავშირში ერთბაშად 10 ახალი წევრი მიიღეს.
XS
SM
MD
LG