Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია სანდუ: პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს ვანიჭებთ


მაია სანდუ (მარცხნივ) და სალომე ზურაბიშვილი. 2022 წლის ფოტო
მაია სანდუ (მარცხნივ) და სალომე ზურაბიშვილი. 2022 წლის ფოტო

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს - რომელსაც ის პრეზიდენტად მოიხსენიებს, - მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს ანიჭებს.

„საქართველოს ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, ვანიჭებთ რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს — პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, - დაწერა პრეზიდენტმა სანდუმ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პლატფორმა X-ზე.

„მისი ლიდერობა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი შთაგონებას გვმატებს“, - წერს მაია სანდუ.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-5 პრეზიდენტია, რომელიც არ ცნობს საქართველოს პარლამენტის და მე-6 პრეზიდენტის არჩევნების ლეგიტიმურობას.

2024 წლის 29 დეკემბერს, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დღეს, სალომე ზურაბიშვილმა დატოვა პრეზიდენტის სასახლე, თუმცა განაცხადა, რომ თან მიაქვს „ლეგიტიმაცია“.

საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, - მათ შორის მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების მონაწილეები, - ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი მას ცნობს საქართველოს ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად.

ევროპის პარლამენტმა 2025 წლის 13 თებერვალს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც მოითხოვა „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მათთან დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესება, ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი მოიხსენია და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არასამართლიანად ცნო.

„ქართული ოცნება“, რომელიც ბოლო წლებში „გლობალური ომის პარტიის“ (ამ კონცეფციას მოგვიანებით „დიპ სტეიტი“ უწოდეს) შესახებ ავითარებს შეთქმულების თეორიას და მასზე დაყრდნობით ოპერირებს, ზურაბიშვილს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტად მოიხსენიებს, - ისევე როგორც ევროპარლამენტსა და ყველა იმ პოლიტიკოსსა თუ სახელმწიფოს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მმართველობის მზარდ ავტოკრატიულ სტილსა და საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას აკრიტიკებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG