ინფორმაციას საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფში აქტივისტები ავრცელებენ. ამასთან, „მთავარი არხი“ აქვეყნებს ფოტოს, როგორ აკავებს პოლიცია რატიანს.
ფეისბუკ-გვერდი protest24, რომელიც დემონსტრაციებიდან ვიდეოებს ხშირად ავრცელებს, რატიანის დაკავების კადრებს დებს.
„სამართალდამცავთან მივიდა და ხელი დაარტყა“, - ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი.
თავდაპირველად მას პოლიციის მსუბუქ ავტომობილში ჩასმას უპირებდნენ, თუმცა საბოლოოდ ე.წ დაკავების მანქანაში ჩასვეს და, სავარაუდოდ, იზოლატორში გადაიყვანეს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დამაზუსტებელი კითხვით. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზვიად რატიანს აქციაზე აკავებენ.
იგი 2024 წლის 29 ნოემბრის ღამესაც დააკავეს. დაკავებისას მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც ჰქონდა მეხუთე მალის მოტეხილობა, გატეხილი ჰქონდა ცხვირის ძვალი და ძგიდე, ხოლო თავსა და მთელ სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები ჰქონდა.
2 დეკემბერს რატიანს, - რომელიც სასამართლოს დარბაზში საავადმყოფოდან მიიყვანეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
ფორუმი