Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კაცი ქალს არ უნდა მოემსახუროს“ - ჩრდილო-კავკასიაში არაკაცურ პროფესიებს ებრძვიან


კავკასიაში რელიგიური მოღვაწეები მართლაც ხშირად გამოთქვამენ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ ან არ უნდა გააკეთონ ქალებმა - და, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ამას ისინი აკეთებენ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე.
კავკასიაში რელიგიური მოღვაწეები მართლაც ხშირად გამოთქვამენ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ ან არ უნდა გააკეთონ ქალებმა - და, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ამას ისინი აკეთებენ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე.

ჩრდილო-კავკასიაში ზოგი სასულიერო პირი კაცის მიმტანად მუშაობას „სიბილწედ” მიიჩნევენ, ერთ-ერთი თემის სასულიერო ლიდერის თქმით, ქალები საერთოდ უნდა მოერიდონ იმ ადგილებს, სადაც კაცები არიან. ბოლო დროს, რუსეთის ამ რეგიონში ზოგი მიიჩნევს, რომ არც მამოლოგობა და არც გინეკოლოგობა “კაცური პროფესიები” არ არის.

ექსტრემიზმის ნიშნები დაინახეს ინგუშეთის ქალაქ მალგობეკის ცენტრალური მეჩეთის იმამის, იბრაჰიმ ბატიროვის ქადაგებასა და ამავე ქალაქის მუსლიმური თემის ხელმძღვანელის, იაკუბ კურსკიევის სიტყვებში. მოსკოვმა მწვავედ უპასუხა საჯაროდ გამოთქმულ მათ მოსაზრებებს ქალების ქცევის ნორმებისა და მამაკაცთა „ბილწი“ პროფესიების შესახებ. კავკასიაში რელიგიური ფიგურები რეგულარულად აკეთებენ ასეთ განცხადებებს, მაგრამ, როგორც წესი, ამისთვის მათ არავინ სთხოვს პასუხს.

იმამ ბატიროვმა გაკიცხა მამაკაცები, რომლებიც ადგილობრივ რესტორნებში მიმტანებად მუშაობენ. მისი თქმით, ასეთი სამუშაო მამაკაცისთვის „უწმინდურობა“ და „არანორმალურია“.

„ალბათ ყველას გინახავთ, რომ მამაკაცებმა რესტორნებში მიმტანებად დაიწყეს მუშაობა. მაგიდებთან მიდიან, შეკვეთებს იწერენ და ემსახურებიან. ჯანდაბას, ყველა მომხმარებელი მამაკაცი რომ ყოფილიყო, მაგრამ იქ ქალებიც არიან. და ვინ ემსახურება ინგუშ ქალებს? ინგუში მამაკაცები! ეს არანორმალურია. ეს სიბილწეა. ხალხი იწყებს საუბარს იმაზე, რომ არანაირი საქმის კეთება სირცხვილი არ არის. ისლამის მიხედვით, ეს მამაკაცებისთვის არასასურველი სამუშაოა! ასეთი კი ბევრი საქმეა და თუ ახლა მათ ჩამოთვლას დავიწყებ, არ მოგეწონებათ. ეს ხომ სირცხვილია“, - თქვა იბრაჰიმ ბატიროვმა.

ქალებმა თავი უნდა აარიდონ ადგილებს, სადაც შესაძლოა მამაკაცები იყვნენ.

ქალაქ მალგობეკის ცენტრალური მეჩეთის იმამის ამ სიტყვებს გამოეხმაურა მარინა ახმედოვა, რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი და პროკრემლისტური საინფორმაციო სააგენტოს, Regnum-ის მთავარი რედაქტორი, რომელმაც თავის Telegram-არხზე დაწერა:

„როდესაც „რეგნუმის“ თანამშრომლებმა კომენტარისთვის დაურეკეს იმამს, მან ჟურნალისტებს ყვირილით უპასუხა: „ჩვენ ჩვენი კანონები გვაქვს! თქვენი საქმე არ არის ჩემს ქადაგებებზე კომენტარის გაკეთება; ისინი ინგუშებისთვისაა და არა თქვენთვის!“

მარინა ახმედოვას თქმით, ბატიროვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა მალგობეკის მუსლიმური თემის ხელმძღვანელმა, იაკუბ კურსკიევმა, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა იმამს, არამედ საკუთარი მოსაზრებებიც დაამატა ქალების ქცევის ნორმებთან დაკავშირებით:

„ბატიროვი მართალია თავის განცხადებებში! ქალების მომსახურება კაცის საქმე არ არის. ქალები საერთოდ არ უნდა იყვნენ მამაკაცების გარემოცვაში! ისინი უნდა მოერიდონ ადგილებს, სადაც შესაძლოა მამაკაცები იყვნენ. თუ ისე მოხდა, რომ ქალები და კაცები ერთსა და იმავე დაწესებულებაში მივიდნენ, ქალს სხვა ქალი უნდა ემსახურებოდეს, კაცს კი - კაცი. უნდა მოხდეს განცალკევება! ქალები ცალკე უნდა დასხდნენ და კაცები - ცალკე! ეს ისლამური კანონია!“

იმამის სიტყვებს გამოეხმაურა ინგუშეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების, ეროვნული პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის სამინისტროს ხელმძღვანელი, რუსლან მიზიევი, რომელმაც განაცხადა, რომ იმამი საუბრობდა არა რელიგიაზე, არამედ ინგუშურ ადათზე. მისი აზრით, სკანდალში დამნაშავეები ბლოგერები და ის ადამიანები არიან, „რომლებსაც რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია სურთ“.

„ბატიროვი ინგუშურ ადათებზე მიუთითებდა. მიმტანად მუშაობა არ ეწინააღმდეგება ისლამს, თუმცა ტრადიციების და ადათების პერსპექტივიდან ეს პროფესია არაერთმნიშვნელოვნად განიხილება. უფრო მეტიც, მაღალი უმუშევრობის პირობებში, პატიოსანი შრომა ყოველთვის სასურველია, ხოლო პროფესიის არჩევის უფლება რუსეთის კონსტიტუციით არის დაცული“, - ციტირებს რუსლან მიზიევის სიტყვებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС.

ასევე გაირკვა, რომ ინგუში იმამის მოსაზრებებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ყურამდეც მიაღწია და, რომ უწყებამ, რომლის კომპეტენციაში შედის უცხოელი აგენტებისა და ექსტრემისტთა სიების შედგენა, კურსკიევისა და ბატიროვის განცხადებებში აღმოაჩინა „ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის“ ნიშნები, რაც, რუსეთის კონსტიტუციით, აკრძალულია. როგორც სააგენტო Rehnum-ის მთავარი რედაქტორი, მარინა ახმედოვა წერს, ორივე პირმა უნდა გამოასწოროს ეს დარღვევები, თუ სურთ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

“ზუსტი წესი, თუ როგორ განხორციელდება ეს „გამოსწორება“, არ გავრცელებულა. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გაუკეთებია და არც - ინგუშეთის მთავრობას”, - წერს რადიო თავისუფლების ჩრდილო-კავკასიური რედაქციის საიტი Kavkaz.Realii.

„კაცები მათთვის ხელსაყრელ პირობებზე საუბრობენ“

“ჩრდილოეთ კავკასიაში ნამდვილი შარიათის კანონები არ მოქმედებს; როგორც წესი, ხდება ცალკეული ნომრების შერჩევით ამოქმედება. ძირითადად საუბარია მამაკაცებისთვის ხელსაყრელ ნორმებზე“, - აცხადებს რეგიონში მდებარე ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის თანამშრომელი, სოციოლოგი, რომელმაც რუსეთის რეპრესიული კანონების გამო ანონიმურად დარჩენა ისურვა. მისი თქმით, ქალების მიმართ იმამების მიერ გამოხატული დამოკიდებულება მიუღებელია ისლამისა და მორალის თვალსაზრისით, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით დისკრიმინაციად მიიჩნევა.

„კანონს შეუძლია ქალების დაცვა, მაგრამ კანონი იშვიათად მუშაობს; ის მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც რამე მიუღებელს იტყვის არასასურველი იმამი. ორგანიზაციებს შეუძლიათ შეშფოთების გამოხატვა, დისკრიმინაციის გაპროტესტება და საჩივრების შეტანა, მაგრამ ქალთა ინიციატივები ჯერ კიდევ არ ესმით. ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდა იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის“, - ამბობს სოციოლოგი.

კავკასიაში რელიგიური მოღვაწეები მართლაც ხშირად გამოთქვამენ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ ან არ უნდა გააკეთონ ქალებმა - და, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ამას ისინი აკეთებენ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. მაგალითად, 2024 წლის დეკემბერში, ინგუშეთში, თეოლოგმა ადამ აუშევმა განაცხადა, რომ სილამაზის სალონების ყველა კლიენტი ქალი „დაწყევლილია“, ისევე როგორც მამაკაცები, „რომლებიც ქალებს სალონებში სიარულის უფლებას აძლევენ“.

სტილისტების წინააღმდეგ გაილაშქრა დაღესტნის მუფტიმაც, ახმედ აბდულაევმაც, რომელმაც 2025 წლის აპრილში ასევე ისაუბრა „არამამაკაცურ“ პროფესიებზე:

“<…> სალონები არ არის საჭირო. მით უმეტეს კაცებისთვის. არაეთიკურია. ჩვენს წინაპრებს სილამაზის სალონებში არ უცხოვრიათ. კიდევ ორი თხოვნა მაქვს. არსებობს პროფესია, რომლის სახელის ხსენებაც ამ ტრიბუნიდან უხერხულად მიმაჩნია - მამოლოგი. ამბობენ, რომ ამ პროფესიის ზოგიერთი დაღესტნელი მამაკაცი პაციენტებს იღებს. არც ესაა ლამაზი. რაში სჭირდებათ მათ ეს პროფესია? ჯობია სხვა სამსახური იშოვონ ან პენსიაზე გავიდნენ! ეს პროფესია ქალებს დაუთმონ! ან კიდევ მამაკაცი გინეკოლოგები. დროა, ამ საქმესაც შეეშვან!”

2025 წლის აგვისტოში მაჰაჩყალის იმამთა საბჭოს თავმჯდომარემ, დანიალ უმაილოვმა ქადაგებისას გააკრიტიკა სოციალური ქსელები, რომლებიც, მისი თქმით, „ქალთა თავისუფლების, დამოუკიდებლებისა და თვითკმარობის“ იდეების პროპაგანდას ეწევიან. დანიალ უმაილოვმა სოციალური ქსელების ნეგატიური ზემოქმედების ასეთი ნიმუში მოიტანა:

„თავისი სოციალური წრის გავლენით გარკვეული თანხის გამომუშავების შემდეგ, ქალი თავის მშრომელ ქმარს აღიქვამს წარუმატებელ, ხელმოცარულ ადამიანად.“

თუმცა, როგორც ექსპერტები იხსენებენ, ქალებთან დაკავშირებული განცხადებების ყველაზე გახმაურებული სკანდალი 2016 წელს მოხდა. მაშინ ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმთა საკოორდინაციო ცენტრის თავმჯდომარემ და ყარაჩაი-ჩერქეზეთის მუფტიმ, ისმაილ ბერდიევმა მხარი დაუჭირა ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების (წინადაცვეთის) პრაქტიკას. მისი თქმით, ეს „შეამცირებდა სექსუალობას“, რათა „გარყვნილება არ ყოფილიყო დედამიწაზე“. სკანდალის შემდეგ მუფტიმ განაცხადა, რომ არ ითხოვს ყველა ქალის წინადაცვეთას: „ისლამი ამას არ ითვალისწინებს და ეს უბრალოდ შეუძლებელია“. ბერდიევმა მოგვიანებით თავის ნათქვამს „წარუმატებელი ხუმრობა“ უწოდა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „მარემის“ კოორდინატორის (მის სახელს Kavkaz.Realii უსაფრთხოების მიზნით არ ამხელს) თქმით, უკეთესი იქნება, თუ სახელმწიფო სტრუქტურები იმამების განცხადებებზე მეტად, პოლიციელების უკანონო ქმედებებით დაინტერესდებიან.

„არის ასეთი გაორება: კონსტიტუცია თუ შარიათის კანონი - რაც სრულიად ჩვეულებრივია ჩრდილოეთ კავკასიაში. შარიათის კანონის თანახმად, მამაკაცებს აქვთ გავლენა, მაგრამ ქალები, იმავე წესების მიხედვით, ვერ სარგებლობენ თავიანთი უფლებებით, მაშინაც კი, როცა ეს მათ სჭირდებათ. მაგალითად, ინგუშეთში არავის აინტერესებს, რომ შარიათის კანონი მოითხოვს, რომ რვა წლამდე ასაკის ბავშვი დედასთან უნდა იყოს (მაშინაც კი, თუ მშობლები განქორწინებულები არიან)“, - ამბობს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „მარემის“ წარმომადგენელი.

მისი თქმით, იბრაჰიმ ბატიროვის და იაკუბ კურსკიევის განცხადებები უბრალო კაცების სიტყვებად უნდა ჩაითვალოს და არა რელიგიურ მოღვაწეთა განცხადებებად:

„ისინი საუბრობენ ჩვეულებრივი კაცებივით, რომლებსაც სურთ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მათ აწყობთ, როგორც მათ მოსწონთ. ისინი არც შარიათით და არც ადათით არ ხელმძღვანელობენ. ისინი საკუთარ სარგებელზე ფიქრობენ“.

  • ჩრდილოეთ კავკასიაში ოჯახური ძალადობის შესახებ 2023 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ინგუშეთში ქალების მკვლელობის მთავარი მოტივი „ღირსების მკვლელობებია“.
  • როგორც ექსპერტები განმარტავენ, ასეთი მკვლელობები ქალის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი „არასწორი“ ქმედებების საპასუხოდ ხდება. 2009 წლიდან 2020 წლამდე 58 ასეთი მკვლელობა დაფიქსირდა.
  • ჩრდილოეთ კავკასიაში ძალადობას გაქცეული ქალები ხშირად ნათესავების მხრიდან დევნას განიცდიან. როგორც წესი, სამართალდამცავი ორგანოები მათ აკავებენ განზრახ ცრუ ბრალდებებით, რათა შემდეგ უკან დააბრუნონ და სამაგალითოდ დასაჯონ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG