Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გამოკითხა წულუკიანის კომისიამ წაღვლელი კაცი "ჩორჩანის საგუშაგოზე"


საქართველოს ხელისუფლების აგებული საგუშაგო სოფელ ჩორჩანაში, 2019 წლის აგვისტო.
საქართველოს ხელისუფლების აგებული საგუშაგო სოფელ ჩორჩანაში, 2019 წლის აგვისტო.

სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისია ჩორჩანის საგუშაგოს თემას დაუბრუნდა, „ოცნების“ ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ხმაურიანი გამოკითხვის შემდეგ. 11 ივნისს, სხდომაზე დაბარებული ელგუჯა ხარაზიშვილი თეა წულუკიანმა რამდენჯერმე წარადგინა ჩორჩანის მკვიდრად - აღმოჩნდა რომ კაცი სოფელ წაღვლიდან იყო.

ელგუჯა ხარაზიშვილის მონათხრობით: ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ვეღარ შედიან წაღვლის ტყეში, რადგან სიღრმეში შემოჭრილმა საოკუპაციო რეჟიმმა თავისი საგუშაგოც გახსნა და ტყის ნახევარი მიიტაცა.

ხარაზიშვილს არაფერი უთქვამს, თუ რა პრობლემების წინაშე იდგა სოფელი ჩორჩანა, საგუშაგოს გახსნამდე და რას ფიქრობენ ჩორჩანელები ახლა. კაცმა რამდენჯერმე თქვა - მხოლოდ ჩემი სოფლის ამბები ვიციო.

კომისიაზე მას ჰკითხეს - გაუჩნდა თუ არა ომის მოლოდინი საგუშაგოს გახსნის შემდეგ და საერთოდ, რა დანიშნულება აქვს გახარიას გახსნილ საგუშაგოს - რომელიც დღემდე მოქმედია, გახარიას ოპოზიციაში წასვლიდან 4 წლის შემდეგაც.

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა შეფასებებით: მათმა ყოფილმა მინისტრმა და შემდგომში - პრემიერმა, გიორგი გახარიამ - 2019 წელის აგვისტოში, მათივე ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ამით ლამის ახალი ომი გამოიწვია; გაჩერებით კი ვერავინ გააჩერა.

სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საოკუპაციო ხაზთან - საქართველოს კიდევ უფრო მეტი და დროულად აშენებული საგუშაგო უნდა ჰქონდეს - რუსეთის სურვილების მიუხედავად.

რა ითქვა კომისიის სხდომაზე?

დაახლოებით 15-წუთიანი გამოკითხვისას ელგუჯა ხარაზიშვილმა თქვა, რომ 2019 წლის აგვისტოს შემდეგ, რაც საქართველოს შს სამინისტრომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო ააგო, ის და მისი თანასოფლელები ვეღარ შედიან წაღვლის „საკოლმეურნეო ტყეში“ ჯონჯოლის დასაკრეფად, შეშის შესაგროვებლად და პირუტყვის საძოვარზე გასაშვებად.

„ჩვენებმა რომ საგუშაგო გააკეთეს, იმის მერე, ამათმა [რუსებმა] შემოიწიეს კილომეტრ-ნახევარი... მდინარეც გადმოლახეს... ახლა ვეღარანაირად ვეღარ შევდივართ იქ [ტყეში]. ყველანაირად აკრძალულია. ერთ მწყემსს "რუსმა სალდათმა" ისიც კი უთხრა, რომ - 200 მეტრზე არ მომიახლოვდე, თორემ გესვრიო“, - ჰყვებოდა ელგუჯა ხარაზიშვილი სხდომაზე.

- თეა წულუკიანი: თქვენთვის ცნობილია, რომ ის ტერიტორია, რომელსაც თქვენ ვეღარ იყენებთ, არის 100 ჰექტარზე მეტი ტყე?

- ხარაზიშვილი: კი.

- წულუკიანი: საიდან იცით ეს?

- ხარაზიშვილი: იმიტომ ვიცი, რომ ნახევარზე მეტი დაკავებულია და სულ იყო ეგა 250 ჰექტარი მაინც;

- წულუკიანი: ტყის გარდა სახლებიც ხომ არ წაიღეს? მავთულხლართში ხომ არ მოაქციეს?

- ხარაზიშვილი: არა, სახლები იქ არ იყო...

კომისიამ სხდომის დაწყებისთანავე გაარკვია, რომ მანამდე ჩორჩანის მკვიდრად წარდგენილი კაცი მეზობელი წაღვლიდან იყო. ეს მათ თავად ხარაზიშვილმა უთხრა.

კომისიას ჩორჩანელების ამბავიც აინტერესებდა - მაგალითად, ფიქრობენ თუ არა ჩორჩანელებიც, წაღვლელების მსგავსად, რომ „100 ჰექტარ ტყეზე მეტი ტერიტორია რუსულმა საოკუპაციო ძალამ მიიერთა, ამ ნაბიჯის შემდეგ, რაც გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით მოხდა [საგუშაგოს აგება]“.

„მარტო წაღვლის მაცხოვრებლების აზრია [ეს] თუ ჩორჩანელების აზრიც არის? - იკითხა წულუკიანმა.

„მე ვიცი წაღვლი“ - იყო პასუხი.

გახარია სხვა რამეს ამბობდა?

საუბრის დასაწყისში, თეა წულუკიანმა ელგუჯა ხარაზიშვილს უთხრა, რომ მისი ნაამბობი ეწინააღმდეგება გიორგი გახარიას მონათხრობს:

„ბატონმა გიორგი გახარიამ გვითხრა, რომ ეს არ არისო სიმართლეო... ამ გადაწყვეტილებით მე დავიცავი ჩემი ქვეყნის ტერიტორიებიო და იქ არაფერი დაკარგულაო. თქვენ ამბობთ საპირისპიროს“...

„ქართული ოცნების“ შს მინისტრი და შემდეგ - პრემიერ-მინისტრი, ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი გახარია სადავო პარლამენტის კომისიის სხდომაზე 15 აპრილს მივიდა. მისი მონათხრობით, რომ არა ჩორჩანის საგუშაგოს სწრაფი გახსნა, შესაძლოა 1800 ჰექტარი ტერიტორია დაკარგულიყო.

ეს იყო მიწები, რომლის მიტაცებასაც საოკუპაციო რეჟიმის მაშინდელი ლიდერები „1922 წლის ფეიკ რუკით გეგმავდნენ”, - თქვა მან და დაამატა -„ისინი აკონტროლებდნენ ამ ტყეს [სოფელ ჩორჩანაში], ისინი პატრულირებდნენ ამ ტყეში. ქართველები არ პატრულირებდნენ. იქ პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი. ჩვენ იქ ვერ შევდიოდით“.

კომისიის წევრები გახარიას უმტკიცებდნენ, რომ ის ტყუოდა და სიმართლეს ბოლოს პროკურატურა დაადგენდა.

გახარიამ კომისიის სხდომაზე არ უარყო, რომ ჩორჩანის საგუშაგოს აშენების შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა თვითონაც გახსნა საგუშაგოები და არც ის უთქვამს, რომ ქართულმა მხარემ ტერიტორიის სრულად გადარჩენა მოახერხა.

გახარიას თანაგუნდელმა, კახაბერ ქემოკლიძემ, რომელიც 2019 წელს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი იყო, რადიო თავისუფლებას უთხრა: „1800-დან 1680 ჰექტრის გადარჩენა მოხერხდა“.

რა ხდებოდა 2019 წლის აგვისტომდე?

“ჩორჩანისა და წაღვლის ტყეში რუსი ჯარისკაცები სადემარკაციო ხაზის გასავლებად ემზადებიან”, - იტყობინებოდა პროსახელისუფლებო “იმედი”, 2019 წლის თებერვალში. არხის ვიდეოსიუჟეტში ადგილობრივები ჟურნალისტს ეუბნებიან, რომ უკვე იმ დროისთვის ჩორჩანელები - რუსი ოკუპანტების შიშით, ტყეში ჯონჯოლის დასაკრეფად ვეღარ გადიოდნენ, ვერც შეშას აგროვებდნენ და ვეღარც საქონელს უშვებდნენ საძოვარზე.

იმ დროს იმავეს ლაპარაკობს ხალხი სხვა ტელევიზიების ეთერშიც. თემას აშუქებს რადიო თავისუფლებაც.

ჩორჩანის გარდა, თბილისის ყურადღებას წლებით ადრეც ითხოვდა სოფელი წაღვლიც, მაგალითად როცა 2014 წელს - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ვასილ კილაძე და რომან ლომიძე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ისინი ჯონჯოლს კრეფდნენ ტყეში. იმ პერიოდში რადიო თავისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია - 20-ზე მეტი ადამიანის დაკავების შესახებ - ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სოფლებიდან.

მედიის არქივი ადასტურებს, რომ ჩორჩანის ტყეში ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი პროცესი მიდის - ხეების მონიშვნა საგუშაგოს დადგმამდე თვეებით ადრე დაიწყო. იმ პერიოდში წაღვლისა და ჩორჩანის საკითხს უკვე „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფიც განიხილავს.

ეს ამბები კომისიის სხდომაზე ელგუჯა ხარაზიშვილს არ უხსენებია. კითხვების საპასუხოდ ამბობდა - წაღვლელებს საგუშაგო არ გვჭირდებოდა და პრობლემები მოგვიტანაო.

- წულუკიანი: საკოლმეურნეო ტყეში - ეს ისეთი ტყეა, ყველა სოფელში გვქონდა ასეთი - ზეპირად იცი ლამის ადამიანმა, რომელი ხე სად დგას, ბავშვობიდან იცი...

- ხარაზიშვილი: კი.

- წულუკიანი: ხომ არ შეგიმჩნევიათ - მანამ, სანამ საქართველო ჩააყენებდა [საგუშაგოს], შს სამინისტრო - ან ხეზე ნიშნულები, რომ ვიღაცა, მეორე მხარე აპირებდა ამის მიერთებას, წაღებას?

- ხარაზიშვილი: ჩვენს მხარეში არა;

- წულუკიანი: არანაირი მტრული აქტივობა არ შეგიმჩნევიათ...

- ხარაზიშვილი: არა, არ შემიმჩნევია.

- წულუკიანი: დარწმუნებით იცით... მაგალითად, ხეებზე ყვითელი ნიშნულები, რომ ვიღაცას უნდა ამის წაღება, მავთულხლართის გავლება... არ შეგიმჩნევიათ...

- ხარაზიშვილი : არ შემიმჩნევია...

წულუკიანი დაინტერესდა იმითაც, რამდენად ხშირად დადიოდა ხარაზიშვილი ტყეში - „კვირაში რამდენჯერ“?

„... შეიძლება თვეში ერთხელ გამევლო“ - იყო უპასუხა კაცმა.

როცა ისევ ჩორჩანაზე ჰკითხეს, ხომ არ იცითო იქით რა ხდებოდაო, კაცმა უპასუხა მდინარის იქით „არ ვიცი რა ხდებოდა“ -ო.

კახა ქემოკლიძე გვეუბნება, რომ „ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი აღნიშვნები ხეებზე იყო ჩორჩანის ტყეში და არა წაღვლის ტყეში“; ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას იმ პერიოდში, გამოგონილი 1922 წლის რუკის მიხედვით, აინტერესებდა კონკრეტულად ჩორჩანის ტერიტორიის დაკავება და არა წაღვლის. შესაბამისად, მისი თქმით - ამ ორ სოფელში, საფრთხეების თვალსაზრისით, ერთმანეთისგან განსხვავებული ვითარება და საჭიროებები იყო.

იგრძნობოდა თუ არა ომის საფრთხე?

15 აპრილს, კომისიის წევრები, სხდომაზე, გიორგი გახარიას უმეორებდნენ, რომ მისი „სიურპრიზის“ შედეგად ქვეყანამ „დანის პირზე“ და “ომის ზღვარზე” გაიარა.

ამ ნაწილში ხარაზიშვილის პასუხები არ დაემთხვა კომისიის წინასწარ განწყობებს. მან თქვა, რომ ომის დაწყების მოლოდინი სოფელში არ გასჩენიათ.

- წულუკიანი: ხომ არ იყო იქ რაღაც ისეთი საფრთხე, რომ შეიძლებოდა ცხელი დაპირისპირება, ანუ ომი ამტყდარიყო?

- ხარაზიშვილი: არა;

- წულუკიანი: ამის შიში ხომ არ გაგიჩნდათ?...

- ხარაზიშვილი: სოფელში არა, არ გაგვჩენია;

- წულუკიანი: არ გაგჩენიათ ამის შიში... მადლობა ღმერთს, კი ბატონო.

რა საჭირო იყო საგუშაგო?

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი სხდომაზე დაინტერესდა - საერთოდ რა დანიშნულება აქვს ჩორჩანის საგუშაგოს?

- ხარაზიშვილი: არაფერი დანიშნულება იმას არა აქვს...

- შარმანაშვილი: ქართულ საგუშაგოზე გეკითხებით;

- ხარაზიშვილი: კი, მეც ქართულ საგუშაგოზე ვამბობ;

- შარმანაშვილი: რომელზეც ისინი [სავარაუდოდ გულისხმობს გახარიას - რ.თ.] ამბობენ, რომ იყო ჩვენი გამარჯვება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა... რამეს უზრუნველყოფს [საგუშაგო]?

- ხარაზიშვილი: არაფერს.

თენგიზ შარმანაშვილი სადავო პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

“ქართული ძალების ნებისმიერი წარმომადგენლობა ადგილზე [საოკუპაციო ხაზთან] შემაკავებელი ფაქტორია. ორი აზრი არ არსებობს ამ მხრივ. რაც მეტი საგუშაგო იქნება, მით უფრო უკეთესი იქნება. მხოლოდ იმიტომ, რომ ოსები და რუსები წინააღმდეგი არიან ამ საგუშაგოსი, არ უნდა დათმონ ჩვენებმა…

ჩორჩანაში საგუშაგო რომ არ გვქონდეს, იქაც ისინი გააკეთებდნენ ბოლოს. მეტი ძალის ჩვენება - მეტ შემაკავებელ ფაქტორს ნიშნავს. არ უნდა ვუყუროთ იმას გავაღიზიანებთ რუსებს თუ არ გავაღიზიანებთ რუსებს… ჩვენ ჩვენი ქვეყნის საქმე უნდა ვაკეთოთ”, - გვეუბნება სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე. ის საგუშაგოების აგების იდეის ცალსახა მომხრეა - საქართველოს რაც მეტი და დროულად აგებული საგუშაგო ექნებოდა, მით ნაკლებს შეძლებდა ოკუპანტიო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG